ახალი ამბებისტატიები

თელავში ადგილობრივი თვითმმართველობის 100 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობების შექმნიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1918-21 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ მასალები, რომლებიც ეროვნულ არქივში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივ არქივშია დაცული.

დოკუმენტებში ასახულია თვითმმართველობის პირველი არჩევნების ისტორია – საარჩევნო სიები და ბიულეტენების ნიმუშები, მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის ამსახველი დოკუმენტები, ამავე პერიოდის საგაზეთო ამონარიდები, ფოტოები და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში ისტორიკოსებმა დავით ლოსაბერიძემ და ირაკლი ხვადაგიანმა ლექცია ჩაატარეს. მათ ისაუბრეს 100 წლის წინანდელ თვითმმართველობაზე, მის ისტორიასა და განვითარების ეტაპებზე.

,,გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მაშინდელი საქართველოს მაზრების თვითმმართველობების არჩევნების და თვითმმართველი ქალაქების ისტორია. ამ მასალებით კარგად ჩანდა, როგორი განვითარება, რა ფუნდამენტური რეფორმა მოხდა და როგორ აქტიურად დაიწყო მაშინდელმა თვითმმართველობებმა ქვეყნის განვითარებისთვის ბრძოლა. თუმცა ეს უკვე შეწყვიტა საბჭოთა ოკუპაციამ 1921 წელს’’,- განუცხადა “კახეთის ხმას” საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა, ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა.

ისტორიკოსმა დავით ლოსაბერიძემ ლექციის დროს ყურადღება გამახვილა 100 წლის წინანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ.  მისი თქმით, მაშინ საქართველოში თვითმმართველბა ძლიერი, საზოგადოება კი ენთუზიაზმით სავსე და აქტიური იყო.

,,100 წელი გავიდა პირველი თვითმმართველოის არჩევნებიდან და დადგა დრო, ქართულმა საზოგადოებამ შეაჯამოს ის შედეგები, რაც გავიარეთ. ეს გამოფენა სწორედ ამისი მცდელობაა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე და კარგი მდგომარეობა მაშინ, ამ დროს საქართველომ სულ რაღაც 2 წელიწადნახევაში გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ახლა საოცნებოა. უნდა ვისურვოთ, რომ საერთაშორისო დახმარებით საქართველომ ახლა მაინც მიაღწიოს იმ დონის ნახევარს, რაც ადრე იყო. ჩვენი მიზანია, დაიწყოს ამაზე საუბარი.

ცალკე სფეროა, თუ როგორ ეწინააღმდეგებოდა ხალხი ოკუპაციას და ეს არ არის მხოლოდ ერთი და ორი ადამიანის მცდელობა. მაშინ მთლიანად სოფლის მოსახლეობა მიდიოდა ბოლშევიკურ ფსევდოარჩევნებზე და აცხადებდა, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას არჩევებში. ეს ხდებოდა მთელს საქართველოში ქართულ და არაქართულ დასახლებაში. ეს იყო საოცარი პროტესტი და მზაობა. მე ვისურვებდი, რომ იმ ენთუზიაზმის ნახევარი, რაც ადრე ქართულ საზოგადოებას გააჩნდა, ახლა გვქონდეს’’, – ამბობს დავით ლოსაბერიძე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, კახა ჯამბურიას განმარტებით,  ძლიერი თვითმმართველობა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

,,ხალხთან ძირითადი შეხება თვითმმართველობის წარმომადგენლებს აქვთ, რაც უფრო ძლიერი იქნება თვითმმართველობა, მით უფრო განვითარდება ქვეყანა. ასეა ევროპულ ქვეყნებშიც.

ეს საფუძველი ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ 100 წლის წინ ჩაიყარა და მნიშვნელოვანია გახსენება, როგორი იყო ადრე თვითმმართველობა, მაშინ როდესაც ბევრი პრობლემა იყო, არ იყო მშვიდი მდგომარეობა, ბიუჯეტი მწირი იყო და სხვა. ჩვენ კი ჩვენი საქმიანობით, კანონების დახვეწით ვცდილობთ მივუახლოვდეთ მაშინდელ თვითმმართელობას’’,- აღნიშნა კახა ჯამბურიამ.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ წარმოდგენილ მასალებზე ისტორიკოსებმა დავით ლოსაბერიძემ, ირაკლი ხვადაგიანმა და ირაკლი ირემაძემ იმუშავეს.

ექსპოზიცია გაიმართა გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს დაკვეთითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თელავის მუნიციპალიტეტისა და თელავის ისტორიული მუზეუმის მხარდაჭერით.

გამოფენის პარტნიორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი და რეგიონებში გამოფენების ორგანიზატორია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.

ავტორი: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი