ახმეტასა და საგარეჯოს ოლქებში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

ახმეტის მე-18 და საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის 3 ტერიტორიულ ერთეულში საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ საინიციატივო ჯგუფებს და პოლიტიკურ პარტიებს კანდიდატების წარდგენის და რეგისტრაციის ვადა 19 აპრილამდე აქვთ.

ახმეტის და საგარეჯოს საოლქო კომისიების თავმჯდომარეების ინფორმაციით, პარტიების და საინიციატივო ჯგუფების უმეტესობას კანდიდატები ჯერ არ წარუდგენიათ. მათივე თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ სამი კანდიდატის ვინაობაა ცნობილი.

ახმეტის მე-18 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძე აცხადებს, რომ შუალედური არჩევნები სოფელ ხალაწანის და ომალოს საარჩევნო უბნებზე გაიმართება და არჩევნებში მონაწილეობას 1218 ამომრჩეველი მიიღებს.

,,საკრებულომ მოგვმართა წერილობით, რომ უფლებამოსილება შეუწყდა მოქმედ დეპუტატს და ამიტომ იმართება არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ხალაწანის მე-8 და ომალოს 24-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული მოქალაქეები. სოფელ ხალაწანში არის 427 ამომრჩეველი და ომალოში 791. სულ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 1218 ამომრჩეველი. საარჩევნო პროცესი ჯერ არ არის გააქტიურებული. ამ დროისთვის კანდიდატი ოფიციალურად ჩვენთან მხოლოდ ერთმა საინიციატოვო ჯგუფმა წარადგინა. მათი კანდიდატია ადგილობრივი თამაზ ალხანაშვილი’’,- განუცხადა Knews.ge-ს მინდია იუკურიძემ.

ამ დროისთვის ახმეტაში მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა კანდიდატი. სოფელ ხალაწანის ადმინისტრაციულ ერთეულში დეპუტატობის კანდიდატი როსტომ ალხანიშვილი იქნება

იგი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის სოფელ ომალოს, დუმასტურის, ზემო და ქვემო ხალაწანის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე აქტიურად იმუშავებს. რამდენიმე წლის განმავლობაში როსტომ ალხანიშვილი სოფელ ხალაწანის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი იყო.

საკრებულოს შუალედური არჩევნები ასევე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. საგარეჯოს მე-11 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მღებრიშვილი განმარტავს, რომ სოფელ უჯარმაში დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა, მისი ადგილმონაცვლე კი არჩევნების შემდეგ გამოვლინდება.

,,არჩევნები იმართება სოფელ უჯარმაში მე-3 საარჩევნო უბანზე. სოფლის დეპუტატი გარკვეული მიზეზების გამო დაიჭირეს და მას უფლებამოსილება შეუჩერდა. უბანზე სადაც აჩევნები ჩატარდება, რეგისტრირებულია 436 ამომრჩეველი. ამ დროისთვის კანდიდატი ჩვენთან ოფიციალურად არავის დაუსახელებია. პოლიტიკურ პარტიებს 19 აპრილამდე აქვთ ვადა’’,- განუცხადა knews.ge-ს ზურაბ მღებრიშვილმა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში, შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ შინდელაშვილი იყრის. 38 წლის შინდელაშვილი, რომელიც პროფესიით ეკონომისტია მოსახლეობას კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა წარუდგინა. საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ბოლო დროს კერძო სექტორში საქმიანობდა.

ზურაბ შინდელაშვილი ამბობს, რომ სოფლის პრობლემებს კარგად იცნობს და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პირველ ეტაპზე უჯარმაში სასმელი წყლის და შიდა საუბნო გზების საკითხის მოგვარებაზე იმუშავებს.

Knews.ge დაუკავშირდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა კანდიდატები ჯერ არ წარუდგენიათ და ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *