ახალი ამბებითვითმმართველობასტატიები

თელავში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ გამოფენა გაიმართება

დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობების შექმნიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით 18 და 19 აპრილს ქალაქ თელავის ისტორიულ მუზეუმში სპეციალური გამოფენა,  მცირე ლექცია  და ფილმის – „ინიციატივა არ ისჯება“  კინოჩვენება  გაიმართება.

ფილმი XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში, თვითმმართველობების, სათემო ინიციატივებისა და თვითორგანიზებული მოძრაობების შესახებ გვიამბობს. ჩვენებას გაუძღვება მკვლევარი ანა მარგველაშვილი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1918-21 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ მასალები, რომლებიც ეროვნულ არქივში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივ არქივშია დაცული; მასალები თვითმმართველობის პირველი არჩევნების ისტორიის შესახებ – საარჩევნო სიები და ბიულეტენების ნიმუშები, მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის ამსახველი დოკუმენტები, ამავე პერიოდის საგაზეთო ამონარიდები, ფოტოები და სხვა. აქვე გაიმართება ისტორიკოსების დავით ლოსაბერიძისა და ირაკლი ხვადაგიანის ლექციები. გამოფენაზევე დარიგდება დავით ლოსაბერიძის მიერ მომზადებული ნაშრომი – „ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ“ და ირაკლი ხვადაგიანის (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) ნაშრომი „ერობა“.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ წარმოდგენილ მასალებზე ისტორიკოსებმა დავით ლოსაბერიძემ, ირაკლი ხვადაგიანმა და ირაკლი ირემაძემ იმუშავეს. ექსპოზიცია იმართება გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ)დაკვეთითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, გამოფენას მხარს უჭერს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გამოფენის პარტნიორი საქართველოს ეროვნული არქივი, რეგიონებში გამოფენების ორგანიზატორია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.

საქართველოში თვითმმართველობის პირველი არჩევნები პირველი რესპუბლიკის პერიოდში სამ ეტაპად 1918, 1919 და 1920 წლებში ჩატარდა. იმ პერიოდში თვითმმართველობების წარმატებულ საქმიანობას უკავშირდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი მრეწველობის განვითარება, სკოლებისა და ამბულატორიების ქსელების მოწყობა და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 100 წლის წინ დაიწყო ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ადგილზევე, მოქალაქეების მიერ გადაწყვეტის პროცესი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: https://www.giz.de/en/worldwide/359.html