ახალი ამბებიბლოგებითვითმმართველობასტატიები

სიღნაღის თეატრმა სპექტაკლის დადგმის უფლება ამერიკელი ავტორისგან მიიღო

ცნობილი ამერიკელი დრამატურგის, არიელ დორფმანის სცენარის მიხედვით სპექტაკლის დადგმის უფლება, რომელიც ათასობით დოლარი ღირს, სიღნაღის თეატრმა უფასოდ მოიპოვა.

სიღნაღის მუნიციპალურ თეატრში რეჟისორ მურად ვაშაკიძის სპექტაკლი „სიკვდილი და ქალწული“   ცნობილი ამერიკელი დრამატურგის, არიელ დორფმანის პიესის მიხედვით დაიდგა,  რომლის მთავარი ფაბულა  ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. ნაწარმოებში ნაჩვენებია საზოგადეობის ერთი ნაწილი, როგორც მოძალადე, ხოლო მეორე-მსხვერპლი.

„მივაღწიეთ იმდენს,  რომ დორფმანის აგენტს ვესაუბრე. ვუთხარი საქართველოს ერთ-ერთი პატარა  პროვინციიდან ვარ, თქვენი პიესის გაკეთება მინდა და თუ უფლებას მომცემთ, ბილეთებს არ გავყიდი მეთქი, “ – ამბობს რეჟისორი.

სპექტაკლში სამი პერსონაჟია. ხელისუფლების მსხვერპლი-წამებული ქალი პაულინა, ექიმი მირანდა, რომელიც მოძალადედ აქცია ხელისუფლებამ და საგამოძიებო კომისიის თავჯდომარე გერარდო,  რომელსაც მოძალადესა და მსხვერპლს შორის კანონების დაცვა უხდება.

„თავდაპირველად პიესას არ ვიცნობდი, ვიცნობდი ფილმს, რომელიც  რომან პოლანსკიმ გადაიღო. ეს არის ჩილეს ისტორია. ჩილეშიც, პინოჩეტის დროს,  როდესაც სადავეები ხუნტამ ჩაიგდო ხელში იგივე მოხდა,  რაც ჩვენთან ხდებოდა წლების წინ.  ქართულ და რუსულ ენაზე ეს პიესა არ არსებობს.  გავიკთხე და დადგმის უფლებაც არ მქონდა, რადგან პიესა უნდა შეისყიდო,  რომ დადგა.  

მოსკოვში დავრეკე, მეგობრებმა მითხრეს ეს პიესა ჩვენთან არ დადგმულაო. მერე დავურეკე ჩემს მეგობარს აშშ-ში, რომელმაც თხუთმეტი წუთის შემდეგ გადმომირეკა და მითხრა 13 დოლარად გიყიდე წიგნიო. შემდეგ გამომიგზავნა.

ვთარგმნეთ პიესა, მაგრამ პრობლემა ის იყო,  რომ 25 ათასი უნდა გადაგვეხადა, რომ  დადგმის უფლება მიგვეღო.  მივაღწიეთ იმდენს,  რომ დორფმანის აგენტს ვესაუბრე. ვუთხარი საქართველოს ერთ-ერთი პატარა  პროვინციიდან ვარ, თქვენი პიესის გაკეთება მინდა და თუ უფლებას მომცემთ, ბილეთებს არ გავყიდი მეთქი. ამ შეთანხმებაზე შევჩერდით. დორფმანს უთქვამს აგენტისთვის,  არ გაყიდონ ბილეთები და თუ უნდათ უცხოეთშიც წაიღონო. ახლა მიდის მოლაპარაკება, რომ ბილეთის გაყიდვის უფლებაც მივიღოთ. თითქმის გადაწყვეტილია ეს საკითხიც,“ -გვიამბობს მურად ვაშაკიძე.

„სიკვდილი და ქალწულში“  სამი მსახობი თამაშობს. ნანა ბუკია, კახა ლოსაბერიძე და ზურაბ ანთელავა. სიღნაღის მუნიციპალურ თეატრში მურად ვაშაკიძე 1980 წლიდან მოღვაწეობს.

ავტორი: ლანა გულოშვილი