ახალი ამბები

ველისციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 20 მილიონი ლარი დაიხარჯება

2019 წლის ბოლოს გურჯაანის მუნიციალიტეტის სოფელ ველისციხეში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად, ინვესტიციის სახით, 20 მილიონი ლარი დაიხარჯება.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პირველ ეტაპზე 60-მდე სახლის რეაბილიტაცია იგეგმება.
სონღულაშვილის განმარტებით, ამჟამად საპროექტო სამუშაოები თითოეული სარესტავრავიო სახლის დეტალზე მიმდინარეობს, პროექტირების ნაწილი ივლისში დასრულდება. ველისციხის სრული რეაბილიტირება 2022 წელს იგეგმება.

„ველისციხე თავისი არქიტექტურით და დასახლების ტიპით უნიკალურია. ეს ქალაქური ტიპის დასახლებაა, სადაც მიწისქვეშა ორსართულიანი მარნები, იტალიური ეზოები და ფასადური ტიპის შენობებია განთავსებული. 

აქ არის მიწისქვეშა ორსართულიანი მარნები და იტალიური ეზოები, აქედან გამომდინარე ველისციხემ თავისი უნიკალური არქიტექტურით ინტერესი გამოიწვია.  მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გრგ უკვე არსებობს და ახლა პროექტის დეტალური დიზაინის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს, ხოლო წლის ბოლოს სამუშაოები დაიწყება.

ბუნებრივია, სრული რეაბილიტაცია ვერ მოხერხდება. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სამუშაოების პირველი ეტაპი მომავალი წლის ბოლოს დასრულდეს, ხოლო შემდეგ მეორე ეტაპი დაიწყება. პროექტის განხორციელების მიზანი არის ის, რომ ველისციხე ტურისტულად მიმზიდევლი გახდეს”, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.