ახალი ამბებითვითმმართველობა

ართანაში მშენებლობაზე დაშავებულთა საქმეზე გამოძიება დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში მშენებარე სასტუმროს ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც “კახეთის ხმას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველო იძიებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

სოფელ ართანაში მშენებარე სასტუმროს კედელი დღეს ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად ოთხი მუშა დაშავდა. ორი დაშავებული სხეულის სხვადასხვა დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, ორი კი ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში მკურნალობს. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.