2019 წელს კახეთში 350-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება

კახეთის გუბერნატორმა თელავში 2019 წელს დაგეგმილი პროექტები წარადგინა. ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს 350-ზე მეტი 60 მილიონი ლარის პროექტის განხორციელება იგეგმება.

გუბერნატორის თქმით, პრიორიტეტული მიმართულებებია სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვესტიციების მოზიდვა. მისივე განმარტებით, რეგიონში უპირველეს ყოვლისა მოსაგვარებელია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება და გზების პრობლემა.

,,2019 წელს კახეთის რეგიონის მასშტაბით 350-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება, რისთვისაც 60 მილიონ ლარზე მეტი გამოყოფილი. ამ დროისთვის 28 მილიონ ლარზე მეტი 73 პროექტია დაფინანსებული.

წელს რეგიონში დაახლოებით 120 საგზაო ინფრასტრუქტრურული პროექტი განხორციელდება. სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად კი 10-მდე პროექტი განხორციელდება.

გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის პრევენციაზეც იმუშავებს, ამისათვის კი კახეთის მასშტაბით განხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, მდინარეების კალაპოტის გაწმენდა, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და ღვარცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები.

მიმდინარე წელს 10-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრი და ამდენივე ამბულატორია აშენდება. გარდა ამისა, 25-მდე ამბულატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ასევე დაგეგმილია გურჯაანის მუნიციპალიტეტში კომპანიონ ცხოველთა რეგიონული თავშესაფარის მშენებლობა, ქალაქ გურჯაანში ინოვაციების რეგიონული ცენტრის მშენებლობა, თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, ქალაქ ყვარელში, უეფას მეორე კატეგორიის დონის სტადიონის მშენებლობა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ციხე-ქალაქ უჯარმის მიმდებარედ არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

გარდა ამისა, დაგეგმილია სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ქალაქ თელავის ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიისა და „ბატონის ციხის“ დასავლეთ ნაწილში მდებარე მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, წელს კახეთში ხუთი ახალი სკოლა და ათი საბავშვო ბაღი აშენდება. რეგიონის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის გაზრდისთვის სხვადასხვა სახის პროექტის განხორციელება კახეთის რვავე მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *