სოფელ ქვემო ბოდბეში გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივი მოკლეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბესთან გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივის მოკლული მართვე იპოვეს.

როგორც „კახეთის ხმას“ ბუნების კონსერვაციის საზოგადოება „საბუკოში“ განუცხადეს, არწივი ბრაკონიერმა მოკლა. ორგანიზაციის ინფორმაციით, მოკლულ არწივს დამაგრებული GPS გადამცემის საშუალებით მიაკვლიეს. „საბუკომ“ ორი წლის წინ GPS გადამცემი ბექობის არწივის სამ მართვეს დაუმაგრა.

„უკანასკნელ სამ წელში, 13 დანიშნული არწივიდან 11 სხვადასხვა მიზეზების გამო დაიღუპა. სტატისტიკა მეტად დრამატულია და ჩვენი მხრიდან დაუყოვნებელ ქმედებებს მოითხოვს“, – აცხადებენ ბუნების კონსერვაციის საზოგადოება „საბუკოში“. 

ბექობის არწივი, რომელიც იშვიათი ფრინველია მსოფლიში, ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში, აგრეთვე კავკასიაში. ბოლო 15 – 20 წლის განმავლობაში საქართველოში მობუდარი ბექობის არწივების რიცხვი 55-დან 17 წყვილამდე შემცირდა.

არწივების შემცირების მიზეზი ბუდობის დროს ადამიანის მიერ საბუდარი ხეების თუ ელექტრო გადაცემის ბოძების მოჭრა, ბუდიდან კვერცხების და მართვეების ამოყვანა, მოწამვლა, ძლიერი უამინდობის შედეგად ბუდის ჩამონგრევაა.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *