ახალი ამბები

თელავის ამერიკულმა კუთხემ მოსწავლეებისთვის მედია-წიგნიერების დღის ბანაკი დაიწყო

თელავის ამერიკული კუთხის ორგანიზებით კახეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ერთკვირიანი მედია-წინგიერების დღის ბანაკი დაიწყო. პროექტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მედია წიგნიერების ბანაკი 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთის“ მშვიდობის კორპუსის მოხალისის ინფორმაციით, ბანაკის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ისეთი უნარების გამომუშავებას, რომლის საშუალებითაც ისინი შეძლებენ ნებისმიერი სახის მედიაში გავრცელებული ახალი ამბების ანალიზს, შეფასებას, ყალბი და სანდო ინფორმაციის გარჩევას, რაც დღეს დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

სარა დიჩი აცხადებს, რომ ბანაკში რეგიონის 20-მდე მოსწავლე მონაწილეობს.

,,ერთკვირიანი ბანაკი, რომელიც დავგეგმეთ სკოლის არდადეგების დროს, არის მედია წიგნიერების შესახებ. დაახლოებით 20 მონაწილე გვყავს. მისი მიზანია, ახალგაზრდებმა გაიგონ, თუ როგორ მუშაობს მედია, გაარჩიონ ყალბი ინფორმაცია რეალურისგან, სწავლობენ ინფორმაციის დასაზუსტებლად, როგორ გადაამოწმონ წყარო და გააზიარონ ინფორმაცია საჯაროდ’’,-განუცხადა “კახეთის ხმას” სარა დიჩმა.

ბანაკის დასასრულს მონაწილეები ესტუმრებიან მედია ცენტრს თბილისში, სადაც საინფორმაციო ვიზიტის დროს საშუალება ექნებათ, ადგილზე გაეცნონ ჟურნალისტების მუშაობის პრინციპს და ნახონ, როგორ იქმნება ახალი ამბები. პროფესიონალები მათ მიაწვდიან ინფორმაციას დეზინფორმაციის ამოცნობის ხერხების შესახებ.

ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი