ახალი ამბები

,,ნაგვის დაყრის დადგმული ტელეკადრის გამო შესაძლოა დამაჯარიმონ”

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სოფელ ანაგის დანაგვიანების შესახებ გასული სიუჟეტის შემდეგ ადგილობრივი აქტივისტი შესაძლოა დააჯარიმონ.

ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის” კახეთის ოფისის ხელმძღვანელი, ნინო გოგოლაშვილი ამბობს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მას შესაბამისი ოქმი უკვე გამოუწერა, რადგან ტელევიზიისთვის კადრი დადგა, სადაც ჩანს, ნაგავსაყრელზე როგორ ყრის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.

,,სიუჟეტის გადაღებისას დავდგით კადრი და კამერის წინ ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე ნაგავი გადავაგდე პარკით. სიუჟეტის გასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მოვიდნენ და ტერიტორიის დანაგვიანებისთვის სამართალდარღვევის ოქმი გამომიწერეს. მითხრეს, რომ სასამართლო გადაწყვეტს ჯარიმის ოდენობას. მე კადრის გადაღების შემდეგ გადაგდებული პარკი ავიღე. წლებია, ამის წინააღმდეგ ვიბრძვი წლებია და ახლა დანაგვიანებას მე მედავებიან. ვფიქრობ, რომ ამით ჩემი დაშინება სურთ”, – განაცხადა ნინო გოგოლაშვილმა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში აღნიშნულია, რომ ნინო გოგოლაშვილმა ხევში 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენი გადაყარა. ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 80 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ოქმი სიღნაღის რაიონულ სასამართლოშია გადაგზავნილი.