ახალი ამბებიგზა ევროპისკენ

ბედნიერი ესტონელი ბოჩოლების ამბავი

69 წლის ესტონელი ფერმერი იან ტოპოლი უკვე პენსიაში გასვლისათვის ემზადება. მისი ფერმა Vändra OÜ ესტონეთში რძის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია. კომპანია ყოველდღიურად 300 ტონა რძეს აწარმოებს. ფერმის წლიური ბრუნვა 6 მილიონზე მეტია, ხოლო მოგება წელიწადში მილიონ ევროს აჭარბებს.

ვიდრე დამსახურებულ პენსიაში გავა და საოცნებო შვებულების დღეებს საქართველოში გაატარებს, ფერმერი თავისი ცხოვრების მოკლე ისტორიას გვიამბობს:

Photo: იან ტოპოლი ქართული გლეხური ღვინის ბოთლით.(გალინა პეტრიაშვილის ფოტო). 

იანი გასული საუკუნის 90 წლებში კოლმეურნეობაში მუშაობდა.  როდესაც საბჭოთა კავშირი  დაიშალა, ახალგაზრდა ფერმერი ისეთივე დაბნეული და ჯიბეცარიელი დარჩა, როგორც ათასობით ახალგაზრდა ფერმერი.

საქართველოსგან განსხვავებით ესტონელმა ფერმერებმა საბჭოთა დროის არსებული ბაზა შეინარჩუნეს და კოოპერატივი შექმნეს. მათ შორის იან ტოპოლიც იყო. 100 მდე მეპაიესთან ერთად ღარიბ კოოპერატივს ძლივს მართავდა. თუმცა 2004 წლიდან, როდესაც ესტონეთი ევროკავშირის წევრი გახდა,  კრედიტი აიღო, ფერმა შეისყიდა და მას შემდეგ, სხვა  ფერმერების მსგავსად, წელში გასწორდა.

პირველად ამერიკაში წავედით. ევროპისა და ამერიკის გამოცდილების გაცნობა იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფერმერული მეურნეობის გასაძლიერებლად, – აღნიშნავს ტოპოლი.

ტოპოლი ამჟამად ფერმას სხვა 30 მდე თანამშრომელთან ერთად უძღვება. განსაკუთრებული ყურადღება საქონლის კვებას, ჯანმრთელობასა და რძის ხარისხს ენიჭება. იანის ფერმაში  შვეიცარიული ჯიშის ძროხები უხვი და სრულფასოვანი კვების ფონზე წარმოებული სელექციით წველადობით ყველა სხვა ჯიშს აღემატება. კუროს საშუალო ცოცხალი მასა 900-1000 კგ-ს უდრის, ფურისა 680-700 კგ-ს.

Photo:ჰოლშტეინის ძროხის ფერმა ესტონეთში. ქალაქ პიარნუსთან ახლოს. 

ფერმის მენეჯმენტი ტრადიციული და ახალი ტექნოლოგიების შეჯერებით ცდილობს შედეგების მიღწევას. წველადობის  პროცესი დივერსიფიცირებულია. სადგომიდან წველის კაბინამდე ჰიგიენის ხაზი ეფექტურად მუშაობს.

ფერმაში ბოჩოლებისათვის ორი კლასი მუშაობს. პირველი მათ დედის რძიდან მყარ საკვებზე გადასვლაში ეხმარება.  5 თვის შემდეგ ბოჩოლები სხვა ძროხებთან ერთად გადაყავთ, სადაც მათი ჯანმრთელობისათვის კვების სპეციალური პროგრამაში ერთვებიან.

ენ ბერკმანი,  ერთ-ერთი აქციონერი, რომელიც ფერმაში 40 წელია მუშაობს, გვიამბობს, იმ ტრანსფორმაციის შესახებ, რაც საბჭოთა ფერმიდან დღემდე გაიარეს:

მთავარი საკითხი არის ის, რომ ჩვენ შევძელით ძველი ფერმის ბაზაზე ახალი, თანამედროვე ფერმა შეგვექმნა. ცხადია, სირთულეები ისევ გვაქვს. გადაიარაღება მუდმივად არის საჭირო. 25  წლის წინანდელი ცოდნა საკმარისი აღარ არის. თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი წარმოებული რძე ხარისხიანი და გემრიელია.

ბედნიერი ბოჩოლების ფერმა Vändra OÜ მალე ახალი მფლობელის ხელში გადავა. იან ტოპოლი ამბობს, რომ ფერმას მშვიდად დატოვებს და ცხოვრების იმ ეტაპზე გადავა, როდესაც ხანგრძლივი შრომის შემდეგ დასვენებისა და ახალი სამყაროს გაცნობის დრო დგება.

ეს ის განსაკუთრებული შემთხვევაა, როდესაც პენსიაში გასვლა ადამიანს აბედნიერებს და ცხოვრებაში დაგროვილი სურვილების ასრულების საშუალებას აძლევს.