ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი- რეგიონების განვითარება ქვეყნის მომავლის ქვაკუთხედია

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, რეგიონების განვითარება ქვეყნის მომავლის ქვაკუთხედია და პრეზიდენტის ვიზიტები უნდა იყოს უცხოეთში ვიზიტებზე არანაკლებად ხშირი და შედეგიანი.
აღნიშნულ საკითხებზე სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგების დროს ისაუბრა.
მისი თქმით, უმუშევრობა და მწვავე სოციალური პრობლემები ძალიან დიდი ტვირთია მოქალაქეებისთვის. ეს კი განსაკუთრებით საგრძნობია რეგიონებში.
,,რეგიონების განვითარება ქვეყნის მომავლის ქვაკუთხედია. მიმაჩნია, რომ რეგიონებში პრეზიდენტის ვიზიტები უნდა იყოს უცხოეთში ვიზიტებზე არანაკლებად ხშირი და შედეგიანი. თელავში ფიცის დადება ამ პრიორიტეტის ხაზგასმა იყო. უმუშევრობა, მწვავე სოციალური პრობლემები ძალიან დიდი ტვირთია ჩვენი მოქალაქეებისთვის, და ეს განსაკუთრებით საგრძნობია რეგიონებში. ადგილებზე ჩასვლით დავრწმუნდი, რომ ყველგან, ყველა მხარეში დევს მისი განვითარების სპეციფიკური გასაღები. მეღვინეობის განსაკუთრებულ და მზარდ პოტენციალთან ერთად, ვითარდება სოფლის მეურნეობის სხვა დარგები. მცირე და საშუალო მეწარმეები წარმატების მაგალითს იძლევიან. ისინი სახელმწიფო პროგრამების, სხვადასხვა დაფინანსების წყაროების გამოყენებით ახერხებენ ქართული ბაზრის დაუფლებას და ზოგჯერ – უცხოურ, ჩვენთვის უკვე ხელმისაწვდომ ბაზრებში შეღწევას. უცხოეთთან გახსნილი თავისუფალი სავაჭრო სივრცე და სატრანსპორტო ქსელის განვითარება დიდ შესაძლებლობებს გააჩენს, თუკი ქართული პროდუქციის ხარისხისა და რეკლამირების დონე აიწევს. ასევე, საგანგებოდ მინდა ხაზი გავუსვა ქალი ფერმერების საქმიანობას, რომელსაც უკვე უჭირავს თავისი ადგილი ეკონომიკაში და რომელსაც სჭირდება მეტი მხარდაჭერა’’,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი: მაკა ხაზიური