ახალი ამბები

გურჯაანში გარემოვაჭრეთა ნაწილი აკრძალვის მიუხედავად ტერიტორიას არ ტოვებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ რუსთაველისა და წმინდა ნინოს ქუჩებზე გარევაჭრობა აკრძალა.

მერიის მიერ დაწესებული რეგულაციის მიუხედავად, ტერიტორიას არ ტოვებს გარემოვაჭრეთა ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ ცენტრისგან მოშორებით პროდუქტს ვერ გაყიდიან და შემოსავლის გარეშე დარჩებიან.
,,ნაწილი შევიდა აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ნაწილმა საერთოდ დაანება თავი ვაჭრობას. ჩვენ არ გვაქვს იმდენი შემოსავალი, რომ ბაზარში შევიდეთ და იქ დგომისთვის ყოველდღიური გადასახადი გადავიხადოთ. არ დავთმობთ ამ ადგილს”,– აცხადებენ გარემოვაჭრეები.
მერიაში განმარტავენ, რომ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს საქონლის გაშლის და გაყიდვის უფლება აუკრძალეს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში აცხადებენ, რომ პოლიციაში გაგზავნილია შესაბამისი წერილი და შესაბამისი რეაგირება სამართალდამცავების კომპეტენციაა.
,,აკრძალვის მიუხედავად გურჯაანში გარემოვაჭრეთა ნაწილი რუსთაველისა და წმინდა ნინოს ქუჩებზე ისევ დგას. მისასალმებელია, რომ მათი ნაწილი შევიდა აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე. მერიამ გარევაჭრობა 28 თებერვალს აკრძალა, ზედამხედველობის სამსახურმა კი იმ დღესვე გააგზავნა წერილი პოლიციაში და ახლა მათ რეაგირებაზეა დანარჩენი დამოკიდებული”,- განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.