ახალი ამბები

„შილდაჰესი-1“ მცირე ზომის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სადგურია მუნიციპალიტეტისთვის”

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ახლადაშენებულ „შილდაჰესი-1“-ს ეწვია და
ჰიდროელექტროსადგურის მუშაობას გაეცნო. თურნავას თქმით, ის მცირე ზომის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ჰესია არა მარტო სოფელ შილდასათვის, არამედ მთელი მუნიციპალიტეტისთვის. მისი ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრე 1,2 მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავებაა 8 მილიონ კვტ.სთ-ზე მეტია.
,,აღსანიშნავია, რომ სადგურის მშენებლობის პერიოდში დასაქმებული იყო 50, ხოლო ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, დასაქმდა 12 ადგილობრივი მოსახლე. „შილდაჰესი – 1“ მუნიციპალურ ბიუჯეტში ყოველწლიურად 40,000 ლარამდე გადასახადს იხდის. ის მცირე ზომის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სადგურია არამარტო სოფელ შილდისთვის, არამედ მთელი ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის. ის არის ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. „მწვანე ჰესი“, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი – სწორედ ასეთი ტიპის მცირე სადგურებზე დგას საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ვულოცავ ინვესტორს, კახეთის რეგიონს ამ წარმატებულ პროექტს. ჩვენ წელს კიდევ ბევრ ასეთ ჰესს გავხსნით”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფელ შილდაში მდინარე ჩელთზე მდებარეობს, ექსპლუატაციაში რამდენიმე თვის წინ შევიდა.
ჰესის მშენებლობისთვის კომპანია „ჰიდრო ენერჯის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მილიონ 800 ათას დოლარს შეადგენს.