ახალი ამბები

კახეთში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების რეაბილიტაცია იგეგმება

საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობა იგეგმება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს 440 პროექტიდან კახეთში 54 პროექტი განხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს არსებული ამბულატორიების რეაბილიტაციას, ახლის მშენებლობას, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრების გარემონტებას და სხვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, პროგრამისათვის ჯამში გამოყოფილია 20 მილიონი ლარი და კახეთის გარდა, მოიცავს ყველა რეგიონს.
„ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ სპეციალურ პროგრამებს საქართველოს რეგიონების თანაბარი განვითარებისა და რეგიონებში აუცილებელი სერვისების მიწოდების მიზნით. ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და მათთვის ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სერვისების მიწოდება ჩვენი სამთავრობო პრიორიტეტია, რომელსაც არასდროს არ გადავუხვევთ. საქართველოს მასშტაბით წელს დაიწყება 100-ზე მეტი ახალი ამბულატორიისა და 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა. ასევე დაგეგმილია 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაციაც. პროგრამა მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.