„ბიბლუსის“ „დიდი ლიტერატურული ტურნე“ თელავიდან იწყება

ბიბლუსის“ „დიდი ლიტერატურული ტურნე“ დაიწყება, რომელიც სტარტს ქალაქ თელავიდან დღეს აიღებს.

თელავში, „ბიბლუსი გალერეაში“ მკითხველი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“-ის გამარჯვებულებს – ნიკოლოზ ტოტოღაშვილსა და ვახტანგ ვახტანგაძეს შეხვდება. ავტორები თანამედროვე ლიტერატურაზე ისაუბრებენ და წარადგენენ თავიანთ წიგნებს „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ და „ალაჰი ჩემი მეგობარია“.

27 თებერვალს კი ნათია ჯაგოდნიშვილი, გვანცა გუბელაძე და იაგო თვალაბეიშვილი გამართავენ თავიანთი წიგნების -„ცდუნებას“, „შულამელი გოგონებისა“ და „ტრანსმუტაციას“ პრეზენტაციას.

„ტურნე რამდენიმე ქალაქს მოიცავს: თელავი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბათუმი. ტურნეს ფარგლებში, მკითხველები მათთვის საყვარელ ქართველ ავტორებს პირადად გაიცნობენ; საშუალება ექნებათ, დაუსვან შეკითხვები, წიგნები ფასდაკლებით შეიძინონ და ავტოგრაფები აიღონ.

კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა ”პალიტრა L” მეორე წელია ატარებს. მისი მიზანია, აღმოაჩინოს ახალი სახეები და დაეხმაროს ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილის “შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა”, გვანცა გუბელაძის “შულამელი გოგონები” და ნათია ჯაგოდნიშვილის “ცდუნება“, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ ფარგლებში, ხალხის რჩეული რომანები გახდა. ვახტანგ ვახტანგაძის “ალაჰი ჩემი მეგობარია” და იაგო თვალაბეიშვილის “ტრანსმუტაცია” კი ჟიურის რჩეულები არიან. ტურნეს ფარგლებში დაანონსდება კონკურსის ახალი სეზონის დაწყებაც.

2017 წლის გამარჯვებული რომანები უკვე რეალური ბესტსელერებია, მათმა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა“, – ნათქვამია „პალიტრა L”-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტურნე 10 აპრილს დასრულდება.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *