ახალი ამბები

საქართველოს რუკის დამახინჯების წინააღმდეგ თელავში აქცია გაიმართება

“ეს საქართველოა” – ამ ლოზუნგის ქვეშ, სახელმწიფო სიმბოლიკის ხელშეუხებლობისა და ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვის მოთხოვნით, საქართველოს გიდები სხვადასხვა ტურისტულ ქალაქში აქციას გამართავენ.

აქციის ფარგლებში შეკრება თელავში, ერეკლე მეფეს ძეგლთან არის დაგეგმილი, საიდანაც სავარაუდო მარშრუტი იქნება უფასო ტური სოფელ წინანდალში, კომპანია შუმის, ყვარელში მუზეუმების, ალავერდის სამონასტრო კომპლექსისა და სხვა მნიშვნელოვანი ადგილების მოსანახულებლად.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქციას უფასო ტურის სახე ექნება, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ყველა ქალაქში გიდები უფასოდ მოემსახურებიან როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებს. აქცია-ტურს 3 მთავარი მოთხოვნა ექნება: სახელმწიფო სიმბოლიკის დაცვა დამახინჯებისგან, სეპარატისტული ტურიზმის განვითარების ალაგმვა, საერთაშორისო სამართლის ნორმების და ოკუპაციის შესახებ კანონის დაცვა და შესრულება.
“აქციის მიზანია სახელმწიფოს უფრო აქტიური ჩართვა ამ პროცესში. გვინდა, მოვუწოდოთ უცხოელ კოლეგებს, არ დასახიჩრდეს საქართველოს რუკა და სახელმწიფო სიმბოლიკა. მოვუწოდებთ ასევე პარლამენტს, მიიღოს შესაბამისი კანონი სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, რათა იყოს შესაბამისი რეაგირება უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან დაკავშირებით. ზოგიერთმა უცხოურმა ტუროპერატორმა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, დაიწყო ქართული სიმბოლიკის, ისტორიის, კულტურის და ტრადიციების გაყალბება, რაც ყველაზე აქტიურად აისახა ზოგიერთი უცხოური ტურისტული კომპანიის საიტზე, სადაც საქართველოს რუკა არასრულად არის ასახული; რუკაზე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ცალკე, დამოუკიდებელ ზონებადაა გამოყოფილი. თუ ეს უცოდინარობით არის გამოწვეული და პოლიტიკას არ უკავშირდება, საქართველოს ტურისტულ სფეროში მოღვაწე ადამიანები, მზად ვართ, გავუწიოთ კონსულტაციები საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიის, ეთნოლოგიის, კულტურის სფეროში”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
მათივე განცხადებით, 21 თებერვალს, გიდების საერთაშორისო დღეს, საქართველოში მომუშავე ასობით გიდი ქვეყნის ყველა ქალაქში უსასყიდლოდ გამართავს შემეცნებით ტურებს ყველასთვის. ტურების ხანგრძლივობა 1-დან 3 საათამდე იქნება. ღონისძიება 12 საათზე დაიწყება და საღამოს 6 საათამდე გასტანს.