გურჯაანის მერს თანამშრომელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ

გურჯაანში რამდენიმე თვის წინ შექმნილი აიპი ორგანიზაცია „საგანამანათლებლო სახელოვნებო სკოლების გაერთიანებიდან“ გათავისუფლებული იზო ხარაზიშვილი მუნიციპალიტეტის მერს პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაში ადანაშაულებს. ხარაზიშვილი ირწმუნება, რომ არჩილ ხანდამაშვილის გადაწყვეტილებით ის ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან საუბრის გამო გაათავისუფლეს.
მისი ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით 2018 წლის 31 ოქტომბრამდე უნდა ემუშავა, თუმცა მერის მითითებით საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს.
,,არჩევნების დროს კომისიის წევრი ვიყავი ,,ქართული ოცნებიდან“, პირველი ტური რომ დამთავრდა, მერის დავალებით ხელშეკრულება აღარ გამიგრძელდა და სამსახურიდან გამათავისუფლეს. პირად საუბრებშიც და ეს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერშიც ჩანს, რომ მან ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან, გიორგი ბოტკოველთან გამარჯობის თქმის და კონტაქტის გამო გამათავისუფლა. მან დამინახა ქუჩაში, რომ გიორგის ვესაუბრებოდი. გიორგი არის ჩემი უახლოესი მეგობარი, იმ დღისით ქუჩაში შემთხვევით შევხვდი და მოვიკითხე. მისაყვედურა, რატომ ვესაუვრე და მივესალმე მას. ეს გახდა ყველაფრის მიზეზი. მაინტერესებს, რატომ მაქვს ადამიანური უფლებები შეზღუდული’’,- აცხადებს იზო ხარაზიშვილი.
მისივე თქმით, ყველა თანამშრომელს აიპი ორგანიზაციაში მხოლოდ ერთთვიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული.
,,ერთთვიანი ხელშეკრულებები გვქონდა დადებული. გათავისუფლების ფურცელი კი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მომიტანეს. მაშინ მითხრეს, რომ ფინანსები არ ჰქონდათ ხელფასის გასაცემად და გათავისუფლების საბაბი ვითომ ეს გახდა, რაც აბსურდია’’, – ამბობს ხარაზიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს აღნიშნული ააიპ ორგანიზაციიდან რამდენიმე თანამშრომელი დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების და ფინანსების არქონის გამო გაათავისუფლეს.
ხარაზიშვილის გათავისუფლებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

გიორგი ბოტკოველმა ამ საკითხთან დ კავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა და გურჯაანის მერის სამუშაო კაბინეტში ჩაწერილი სკანდალური ვიდეო მასალა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ არჩილ ხანდამაშვილი თანამშრომელს სამსახურიდან წასვლას აიძულებს და ამის მიზეზად მის პოლიტიკური შეხედულებებს ასახელებს.
გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ პროკურატურაში საჩივრის შეტანას გეგმავს და არჩილ ხანდამაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს.
,,ჩვენ გამოვაქვეყნეთ ხმოვანი ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ ახდენს ზეწოლას გურჯაანის მერი თანამშრომელზე. მან ადამიანს პირდაპირ უთახრა, რომ ქუჩაში ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრთან საუბრის გამო გაუშვა სამსახურიდან. ეს არის პირდაპირი მაგალითი იმის, თუ რის მიხედვით ხდება ადგილობრივ თვითმმართველობებში კადრების შერჩევა და რა პრინციპით ათავისუფლებენ ადამიანებს სამსახურიდან, რომლებიც წლების განმავლობაში პირნათლად ასრულებენ თავის სამუშაოს. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ადამიანების დასაქმების მთავარი პრინციპი არის ის, რომ ისინი აუცილებლად უნდა წარმოადგენდნენ ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს გამარჯობასაც არ უნდა ეუბნებოდნენ. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რაზედაც ჩვენ აუცილებლად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი კანონის წინაშე აუცილებლად აგებს პასუხს’’,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ იზო ხარაზიშვილს გასული წლის 31 ოქტომბრამდე ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული, ვადის ამოწურვის შემდეგ კი ის ავტომატურად გათავისუფლდა თანამდებობიდან. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს, არჩილ ხანდამაშვილი იქ უკანონო ქმედებას ვერ ხედავს.
,, 31 ოქტომბერს იზო ხარაზიშვილს დაუმთავრდა ხელშეკრულების ვადა და შესაბამისად გათავისუფლდა სამსახურიდან. ის არ გათავისუფლებულა არავის დავალებით. გავრცელებულ დამონტაჟებულ ჩანაწერშიც კი, არაფერს ვეუბნები უკანონოს. გამოვთქვავ წუხილს, რომ ხარაზიშვილი ავრცელებს ჩემზე ჭორებს. ქალბატონი არ მუშაობდა მერიაში, ის დასაქმებული იყო ააიპ ორგანიზაციაში და მისი ხელმძღვანელი თავისუფალია ვის შეუჩერებს ან გაუგრძელებს ხელშეკრულებას, მე მის საქმიანობაში ვერ ჩავერევი. ის ბრალდებები, რასაც ჩემ მიმართ აყენებს, უსაფუძვლოა’’,- განუცხადა Knews. ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.
Knews. ge დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ააიპ „საგანამანათლებლო სახელოვნებო სკოლების გაერთიანების“ ხელმძღვანელისგან ცდილობდა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *