ახალი ამბები

კახეთის რეგიონის ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლებმა სტაჟირება გაიარეს

კახეთის რეგიონის ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლებმა, გარემოს ნარჩენებით დაბინძურების დაჯარიმების აღსრულების პროცედურების გაუმჯობესების მიზნით, ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში სტაჟირება გაიარეს.

USAID/WMTR II პროგრამის ფარგლებში, 21 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით, კახეთის მუნიციპალიტეტების თანამშრომლები თბილისის ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად 5 დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლების  ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლებმა შეიძინეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული  ცოდნა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც რეგიონებში მუშაობას გაუადვილებთ.

,,კახეთის რეგიონის ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლებმა, მიიღეს თეორიული და პრაქტიკული  ცოდნა შემდეგ საკითხებზე: გარემოს ნარჩენებით დანაგვიანების ფაქტებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესი, ქვეით ეკიპაჟებთან ერთად საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ადგილზე შედგენის წესსა და პროცედურები, ცხელი ხაზისა და მონიტორინგის შედეგად შემოსულ/გამოვლენილ ცალკეულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურებსა და წესები, დოკუმენტ ბრუნვათა პროგრამაში კომპეტენციას განკუთვნილ საკითხებზე (მუნიციპალური, სამშენებლო და ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებასთან დაკავშირებით) კორესპონდენციის წარმოების, განხილვის, გადამოწმების და შესაბამისი პასუხის მომზადების პროცესი. სტაჟირების ფარგლებში ასევე ზედამხედველობის სამსახურების თანამშრომლებმა შეიმუშავეს ხედვა, თუ როგორ გახადონ თავიანთი მუშაობა უფრო ეფექტიანი სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული რესურსების გამოყენებით”,– განაცხადეს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენლებმა.

WMTR II პროგრამას ახორციელებს CENN, USAID–ის მხარდაჭერით.