ეკონომიკური კონფერენცია- რა პროექტების განხორციელება იგეგმება კახეთში

ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის, „მსოფლიო 2019“-ის ეგიდით, თბილისში ეკონომიკური კონფერენცია გაიმართა.

ფორუმს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო, ბიზნესისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.
ფორუმის ფარგლებში, მინისტრებმა განსახორციელებელი რეფორმების, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზზე, ახალი გამოწვევებიზე და სამომავლო განვითარების პერსპექტივებიზე გაამახვილეს ყურადღება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საზოგადოებას არსებული გამოწვევებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია. რეგიონებსა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებსა და არსებულ გამოწვევებზე პრეზენტაციის ფარგლებში, საუბარი შეეხო კახეთის რეგიონსაც.
,,როგორც სხვა რეგიონებში, ასევე კახეთშიც იგეგმება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. მუნიციპალიტეტებში და რეგიონებში მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, მოხდება პარკების, სკვერების და ნაგავსაყრელების მოწყობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება. მოხდება ბაღების და სკოლების მძენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა. 2019 წელს კახეთში, თელავის, ახმეტის საგარეჯოს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია 16 პროექტის განხორციელება. წყალმომარაგების პრობლემა წლების განმავლობაში იყო კახეთში. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ თვითმმართველობასთან ერთად. ეს სამუშაოები ნაწილობრივ დასრულებულია უკვე ახმეტაში და თელავის სოფელ კურდღელაურში’’,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრის თქმით, რეგიონებში ასევე დაგეგმილია სტიქიის პრევენციისთვის, მყარი ნარჩენების მართვისთვის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.
,,გვინდა სტიქიის პრევენციის საკითხებს მეტი ყურადღება მივაქციოთ. განვახორციელოთ პროექტები იმ ტერიტორიებზე, რომელიც მეწყერსაშიშია. მაგალითად: ფშაველი-აბანოს გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, გვინდა მდინარეების კალაპოტების გაწმენდა, რომ ჭარბი წვიმის დროს არ შეიქმნას პრობლემა. ასევე კახეთში განხორციელდება პროექტები, რომელიც მოიცავს სკვერების, ურბანული ტრანსპორტის, საავადმყოფოების, ადმინისტრაციული შენობების და ნაგავსაყრელების მშენებლობას თვითმმართველობის ჩართულობით. 2019 წელს 12 მილიონი ლარის ღირებულების 440 პროექტი განხორციელდება, საიდანაც კახეთში 54 პროექტი განხორციელდება, რომლიც ითვალისწინებს არსებული ამბულატორიების რეაბილიტაციას, ახლის მშენებლობას, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრების რეაბილიტაციას, ნაწილობრივ რემონტს და სხვა. გარდა ამისა, იგეგმება სხვა პროექტების განხორციელებაც, რომელიც მყარი ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ეკონომიკურ ფორუმზე ჩვენ გვქონდა ძირითადად პროექტები წარმოდგენილი, რომელიც ტურიზმის და ინფრასტრუქტურის შერწყმით იძლეოდა რეგიონებში დამატებითი შესაძლებლობების გაჩენას. ეს კი რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მისცემს საშუალებას ინფრასტრუქტურას მიაბან საკუთრაი საოჯახო ბიზნესიც.‘’
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ეკონომიკურ ფორუმზე ინფრასტრუქტურული პროექტების, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე იყო საუბარი, რომლის განხორციელებაც კახეთის რეგიონის გაძლიერებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
,,ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი იყო, ნათლად იყო წარმოდგენილი მთავრობის ხედვა, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. ყოვლისმომცველი პროგრამები და პროექტები მორგებულია რეგიონების განვითარებაზე: ინფრასტრუქტურული პროექტებით, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სამივე მიმართულება მნიშვნელოვანია კახეთისთვის და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ახლო პერიოში რეგიონს განავითარებს’’,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *