,,თელავგაზის” ოფისთან მოსახლეობამ აქცია გაიმართა

კომპანია სს ,,თელავგაზის” ოფისთან ადგილობრივებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, წინა თვეებისგან განსხვავებით იანვარში ბუნებრივი აირზე რამდენიმე ათეული ლარით მეტი დავალიანება დაერიცხათ.
აქციის მონაწილეები კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზის” ხელმძღვანელობისგან, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ბუნებრივ აირს აწვდის, ახსნა- განმარტებასა და დავალიანების ჩამოწერას ითხოვენ.
,,ქალაქში ცუდი მდგომარეობაა, ყველა მოსახლეს მოუვიდა თითქმის გაორმაგებული გადასახადი და გვინდა, ეს საკითხი მოგვარდეს. მოვითხოვთ, შემოწმდეს ხელახლა მრიცხველები ან დაგვისაბუთონ გაზრდილი გადასახადის მიზეზი. მივმართავ ყველა სამსახურს, შეისწავლონ თავიდან ბოლომდე არსებული სიტუაცია, რომ ისედაც უსახსროდ მყოფ მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქდეს”,- განუცხადა knews.ge-ს აქციის მონაწილემ ციური ბადურაშვილმა.
აქციის მონაწილე ვლადიმერ ჭინჭარაული ამბობს, რომ თითქმის გაორმაგებული გადასახსდის დარიცხვის გარდა, დაბალი ხარისხის ბუნებრივი აირის მიწოდების გამოც გამოთქვამს უკმაყოფილებას.
,,გათბობა სახლში ბოლომდე მაქვს აწეული და ვერ ვთბებით. გარდა ამისა, გასულ ზამთარს მეტი სიცივე იყო და 60 ლარზე მეტი არ გადამიხდია, ახლა კი 40 ლარით მეტი გადასახადი მოვიდა. მოვითხოვთ, მიხედონ ამ პრობლემას, რატომ უნდა გადავიხადოთ მეტი გადასახადი”,- განუცხადა Knews.ge-ს ვლადიმერ ჭინჭარაულმა.
ღონისძიების ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაციის ,,თელავი ჩემი ქალაქია” გამგეობის თავმჯდომარე მიუთითებს, რომ მოსახლეობას ბოლო ერთ თვეში გაზის დავალიანების ქვითარი ორჯერ მოუვიდა. თამარ ბოტკოველის განცხადებით, ქვითრის ორჯერ გაცემისა და დამატებითი დავალიანების დარიცხვის მიზეზები მოსახლეობისთვის არავის განუმარტავს.
,,ჩვენთვის, როგორც აბონენტებისთვის და კეთილსინდისიერი გადამხდელებისთვის, ინფორმაცია არავის მოუწვდია იმის შესახებ, რატომ მოვიდა ორი ქვითარი და წინა თვეებთან შედარებით მეტი გადასახადი. ბევრი მოქალაქე გამოთქვამდა ამაზე უკმაყოფილებას და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აქციის ჩატარება, რომ ჩვენი უკმაყოფილება გამოგვეხატა ამ პროცესის მიმართ. აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. გარდა ამისა, ბუნებრივი აირის ხარისხიც ძალიან დაბალია, რომელიც გადასახადს არ შეესაბამება”, – განუცხადა knews.ge-ს თამარ ბოტკოველმა.
კომპანია შპს ,,თელავგაზის” მენეჯერი, დავით ჯერმიზაშვილი აცხადებს, რომ პრობლემა კომპანიის გასხვისებამ გამოიწვია. მისი თქმით, ,,ვისოლ ჯორჯია გაზმა” მუშაობა დაასრულა, კომპანია კი ,,სოკარ ჯორჯიამ” იყიდა.
,,28 დეკემბერს კომპანიის გასხვისებამ გამოიწვია სამი დღით მეტი ხარჯის მისვლა აბონენტებთან იანვრის თვეში. ჩვენ შეგვეძლო 28 დეკემბრიდან 1 იანვრამდე ქვითრები დაგვერიგებინა და შემდეგ მეორედ ამოგვეწერა დარჩენილი თანხა და მიგვეტანა მოსახლეობისთვის. ეს თავისთავად დიდ გაუგებრობას გამოიწვევდა. გარდა ამისა, ,,სემეკშიც” მითითებულია, რომ ქვითარი თვეში ერთხელ უნდა დარიგდეს და ჩვენც ამას მივაქციეთ ყურადღება. რაც შეეხება გაზრდილ გადასახადს, ამას დამატებული აქვს ახალი წლის დღეების ხარჯი. შემდგომ თვეებში ასე აღარ გაგრძელდება. ყოველი თვის 25 რიცხვიდან დაიწყება ათვლა და ქვითრებიც დარიგდება. რაც შეეხება ტარიფის ზრდას, არ იგეგმება”,- განუცხადა knews.ge-ს დავით ჯერმიზაშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *