სტატიები

არის თუ არა კახეთში ჭარბი ტურისტის შემოდინების საფრთხე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყოველწლიურად საქართველოს სულ უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს. ისინი ძირითადად დაბალბიუჯეტიანი და საოჯახო სასტუმროებით ინტერესდებიან. მათივე ინფორმაციით, კახეთში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის იანვრის თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 111 ქვეყნიდან აღინიშნა, რაც რაოდენობრივად 59,053-ს შეადგენს. სააგენტოს მონაცემებით, კახეთში 183 განთავსების ადგილია, რომელშიც საწოლი ადგილების რაოდენობა 3 614, ხოლო ოთახების რაოდენობა 1 516-ია.
საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები კი ჭარბი ტურიზმის საფრთხეებზე საუბრობენ. მათი თქმით, ტურისტების მზარდი რიცხვიდან გამომდინარე შესაძლოა ტურისტული ადგილები და დასახლებები მოსახლეობისგან დაცლის საფრთხის წინაშე დადგნენ.
,, ჭარბი ტურისტის შემოდინებამ შესაძლოა გამოიწვიოს ქალაქის გადატვირთვა, ცხოვრების, პროდუქტების გაძვირება ან მოსახლეობის გადინება ცენტრიდან გარეუბნებსა და სხვა ქალაქებში. ჭარბი ტურიზმის პრობლემა ბევრ ევროპულ ქალაქს შეეხო, მაგალითად ბარსელონაში ადგილობრივი მოსახლეობა მთლიანად განიდევნა გარეუბნებში. ზოგ ქვეყანა კი ტურისტების გარკვეულ რაოდენობას იღებს. პრობლემა სხვა ქვეყნებში და ქალაქებში თავიდან უნდა იქნეს აცილებული’’,– აცხადებენ ექსპერტები
კახეთში ჭარბი ტურისტის შემოდინების საფრთხეს ვერ ხედავენ ადგილზე მდებარე ტურისტული ობიექტების მფლობელები. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარე მარან-მუზეუმ „ნუმისის“ მფლობელი ნუნუ კარდენახიშვილი განმარტავს, რომ ტურისმის სექტორში პრობლემა არა ჭარბი ტურისტი არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის არარსებობაა.
,,იანვარში ბევრი ტურისტი გვყავდა, მაგრამ ნელ-ნელა შეცოტავდა. სეზონი აპრილიდან დაიწყება და ნოემბრის ბოლომდე ბევრი ტურისტი გვაკითხავს თითქმის ყველა ქვეყნიდან. ძირითადი პრობლემები არა ჭარბი ტურიზმის საფრთხე, არამედ მოუწესრიებული ინფრაქსტრუქტურა, მაწანწალა ძაღლების პრობლემა და ასევე გურჯაანში ღამის გათენებაც ცოტა პრობლემურია ტურისტებისთვის, რადგან არ არის საწოლი ადგილები. ჩემი აზრით, ბევრი ტურისტის შემოსვლის პირობებში პირიქით გაძლიერდება სოფლები, ტურისტული ადგილები. მაგალითად: სოფლის მაგალითზე რომ ვთქვათ, მე მაქვს ტურისტული ცენტრი და რომ დაინახეს სხვა ადგილობრივებმაც დაიწყეს ეს საქმიანობა. მათ სტიმული მიეცათ, მიტოვებული ადგილები, ბაღები, მარნები მოეწყოთ. ასეთი საქმიანობა სოფელს გააძლიერებს,’’- განუცხადა knews.ge-ს ნუნუ კარდენახიშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, თელავის ტურიზმის ცენტრის დირექტორი, გიორგი თავბერიძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში ტურისტების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. მისი თქმით, ტურისტების შემოდინების პიკი სექტემბრის თვეშია, თუმცა მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტში იმდენი ტურისტული და განთავსების ადგილია, რომ ჭარბი ტურიზმი პრობლემას არ შექმნის.
,,საქართველოში ტურისტების რაოდენოა იზრდება ყოველწლიურად და ასევეა თელავშიც. თელავში გასულ წელს ოფიციალურად რამდენი ტურისტი შემოვიდა ამის დათვლა არის შეუძლებელი, მაგრამ წლიდან წლამდე ვითვლით რამდენმა ტურისტმა მიაკითხა ჩვენს ტურისტულ ცენტრს. 2018 წელს ეს ციფრი არის 4 129 ტურისტი. ყველაზე მეტმა ადამიანმა მოგვაკითხა სექტემბრის თვეში. ყველაზე ხშირად გვაკითხავენ გერმანელები, რუსები, პოლონელები, ჩეხები და სხვა. საწოლების რაოდენობით თელავი არათუ კახეთში, არამედ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულია. გაცილებით მეტი ტურისტის მიღება შეუძლია თელავს ადგილებიდან გამომდინარე. იმის საშიშროება, რომ ტურისტები შემოვიდნენ და თელავში ადგილი არ აღმოჩნდეს წარმოუდგენლად მეჩვენება. ტურისტები უფრო მეტად ირჩევენ მარნის ტიპის სასტუმროებს ირჩევენ’’,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი თავბერიძემ.
სიღნაღის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი, გიგა შუშტაკაშვილი განმარტავს, რომ 2018 წელს 10 996-მა ტურისტმა მიაკითხათ, თუმცა ქალაქში ჩასული სტუმრების რაოდენობა გაცილებით მეტია.
მისივე თქმით, ტურიზმის განვითარების და ტურისტების რიცხვის ზრდის პარალელურად მრავლდება ტურისტული ობიექტებისა და განთავსების ადგილების რაოდენობაც, რომელიც არათუ პრობლემას ქმნის, არამედ მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს.
,,2018 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით, ბოლო სამი წლის განმავლობაში სიღნაღის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით ისარგებლა 28 412 შიდა და საერთაშორისო ვიზიტორმა. 2016 წელს 8436-მა 2017 წელს 8982-მა, 2018 წელს კი 10 996-მა ტურისტმა. ესენი არიან ის ტურისტები, რომლებმაც ისარგებლეს საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით. შესაბამისად ქალაქში ჩამოსული სტუმრების რაოდენობა გაცილებით მეტია. სიღნაღში ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც გამოწვეულია სიღნაღის როგორც სიყვარულის ქალაქის ცნობადობით, ქალაქის ადგილმდებარეობით, არაჩვეულებრივი ლანდშაფტით და ხედებით. ამასთან მუნიციპალიტეტში არსებობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ძეგლი. აღსანიშნავია სიღნაღში არსებული 24 საათიანი ქორწინების სახლიც და არაერთი სხვადასხვა ტიპის ტურისტული ობიექტი. მათ შორის 2018 წელს გახსნილი ექსტრემალური ატრაქციონი ზიპ-ლაინი და ფრენები პარაპლანით. შეიძლება ითქვას,რომ ტურისტების რაოდენობის ზრდა პირდაპირპროპორციულია კვებისა და განთავსების ობიექტების ზრდასთან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სეზონზე არსებობს შემთხვევები როდესაც ყველა განთავსების ობიექტი გადავსებულია. საყურადღებოა რომ ახლომდებარე სოფლებიც ეტაპობრივად ებმებიან ტურიზმის სფეროში. დღეის მდგომარეობით სიღნაღის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ბაზაში ფიქსირდება 65 განთავსების ობიექტი, თუმცა დაურეგისტრირებელი ობიექტების რაოდენობაც საკმაოდ ბევრია .ქალაქში არსებულ სასტუმროებს დაახლოებით 900 სტუმრის მიღება შეუძლია’’,- განუცხადა knews.ge-ს გიგა შუშტაკაშვილმა.