სტატიები

რა პრობლემების მოგვარებას სთხოვენ ხელისუფლებას თელავის 13 სოფელში?

თელავის მუნიციპალიტეტის 13 სოფელში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უკვე გამართეს საკონსულტაციო შეხვედრები.

მდინარეების კალაპოტის გაწმენდა, სოფლებში სკვერების, ფრენბურთის და სპორტული სტადიონების მოწყობა, სასაფლაოების შემოღობვა, – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მოგვარების საკითხიც დააყენეს დასახლების საერთო კრებაზე. სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ვაკიფა სულეიმანოვა აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და დროულად მოსაგვარებელი პრობლემა მდინარე თურდოს კალაპოტია, რომელიც გაზაფხულზე დიდდება და პორობლემებს უქმნით.

,,გვიხარია, რომ ეს პროგრამა აღდგა და სოფელში პრობლემების მოგვარებას მოხმარდება. ჩვენთან ჩატარდა შეხვედრა, მერიიდან იყვნენ და გვკითხეს, რა პრობლემა გვქონდა. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა მდინარე თურდოს კალაპოტის გაწმენდა და დამბის მოწყობაა. თუ ის ადიდდა ისე, რომ გადმოვიდა, სასაფლაოს დაგვიზიანებს“,- აცხადებს ვაკიფა სულეიმანოვა.

სკვერის და ქვიშის ფრენბურთის მოედნის მოწყობას ითხოვენ სოფელ რუისპირში. ადგილობრივების თქმით, პროექტის განსახორციელება სოფელში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
,,გვინდა სკვერის და ფრენბურთის მოედნის მოწყობა. ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს, ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ და ბირჟაზე დგომის მაგივრად სპორტით დაკავდნენ. შეხვედრაზე ასევე წამოვაყენეთ სოფლის წყაროს მიმდებარე ტერიტორიის მოწყობის საკითხი და იმედი გვაქვს, ამ პრობლემებს მოაგვარებს თვითმმართველობა’’,- განუცხადეს KNEWS.GE-ს სოფელ რუისპირის მაცხოვრებლებმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა შეხვედრებზე მოსახლეობის მიერ დასმული პრიორიტეტული პრობლემების მოგვარებას მოხმარდება. შოთა ნარეკლიშვილი მიუთითებს, რომ თითოეულ სოფელზე მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 000 ლარამდე გამოიყო. მისივე ინფორმაციით, თელავის მერიის გადაწყვეტილებით, პროგრამით გამოყოფილი თანხის გარდა, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად დაფინანსდება.

,,ჩვენ უკვე შევხვდით 13 სოფლის მოსახლეობას და მოვისმინეთ მათგან პრიორიტეტული პრობლემების შესახებ ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღის წინ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აღნიშნულ პროგრამას გადახედა და მიიღო გადაწყვეტილება გამოყოფილი თანხის გაორმაგების შესახებ. ამჯერად, თითოეული სოფელი მიიღებს 3-ჯერ მეტ თანხას ანუ 10 000-ის ნაცვლად 30 000ლარს, რასაც სრულად გამოიყენებს არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ასევე, მოსახლეობას საშუალება ექნება, თავად ჩაერთოს პრობლემების მოგვარებაში, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს სახსრებს და თანხას მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენებთ’’,- ამბობს შოთა ნარეკლიშვილი.

თელავის მერიაში აცხადებენ, რომ 13 სოფელში დასახლების საერთო კრებებზე მოსახლეობამ სხვადასხვა სახის ინფტასტრუქტურული პროექტის განხორციელების საკითხი დააყენა.
,,სოფელ ყარაჯალას მოსახეობა ითხოვს მდინარე თურდოს კალაპოტის გაწმენდას და დამბის მოწყობას, რუისპირში მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია წყაროს რეაბილიტაცია, სკვერის და ქვიშის ფრენბურთის მოედნის მოწყობა, ახატელში – ბიბლიოთეკის სახურავის შეცვლა, კარის გადატანა და ელექტრო ენერგიის შეყვანა შენობაში. სოფელ იყალთოში სკოლის ტერიტორიიდან ცენტრალურ გზამდე წყლის ქსელის გამოცვლას (დაახლოებით250მ) და იყალთოს აკადემიასთან არსებული წყაროს რეაბილიტაციას ითხოვენ, გულგულას მოსახლეობა კი სოფლის სასაფლაოს შემოღობვას, გაწმენდას და შიდა ტერიტორიის მოხრეშვას ასახელებს მთავარ პრობლემად.

ვარდისუბანში სოფლის ცენტრში სპორტულ მოსახლეობის სურვილია მოედანთან სავარჯიშო სკვერის მოწყობა ტრენაჟორებით, სოფელში სახლების გადანომვრა და მისამართის აღმნიშვნელი ბანერების დამაგრება. ფშაველში მოსახლეობამ პრიორიტეტად სოფლის სასაფლაოს შემოღობვა, სასაფლაოსა და კულტურის სახლის ტერიტორიაზე სველი წერტილების მოწყობა დაასახელა. ლეჩურში ითხოვენ სოფლის ამხანაგობის ბალანსზე არსებული ტრაქტორის შეკეთებას და სკვერის მოწყობას საბავშვო ატრაქციონებით.

კონდოლში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობას და შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სკვერის მოწყობას; სასაფლაოს შემოღობვას ითხოვენ. შალაურის მოსახლეობამ კი კრებაზე სვეტიცხოვლის ეკლესიის შემოღობვის, სველი წერტილებით და შესაბამისი ინვენტარით სკვერის მოწყობის საკითხები დააყენა’’,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.

უწყების ცნობით, პროგრამის ფარგლებში იგეგმება 16 სოფლის მოსახლეობასთანაც მსგავსი საკონსულტაციო შევედრების ჩატარება.