ახალი ამბები

SCHUCHMANN WINES GEORGIA კახეთში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას გეგმავს

კომპანია “Schuchmann Wines Georgia” სამედიცინო ტურიზმის განვითარებას გეგმავს, რისთვისაც სარეაბილიტაციო-სარეკრეაციო კომპლექსს ააშენებს. 
კომპანიაში აცხადებენ, რომ კომპლექსი სტუმრებს 2020 წლიდან მიიღებს, ამჟამად კი მის პროექტირებაზე მუშაობენ, რომლის დასრულების შემდეგ პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაზუსტდება. ტურისტული კომპლექსი გათვლილი იქნება ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებზე, რომლებსაც სარეკრეაციო-სარეაბილიტაციო მიზნით სურთ საქართველოში ჩამოსვლა და სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებთ.
,,სარეაბილიტაციო-სარეკრეაციო კომპლექსის მშენებლობა წელიწადნახევარში დასრულდება. ეს იქნება გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო მიმართულება, სადაც უშუალოდ ღვინის პროდუქტებზე დაფუძნებული გამაჯანსაღებელი პროცედურები გვექნება. კერძოდ, მომხმარებელს შევთავაზებთ როგორც დეტოქს პროგრამებს, ასევე სარელაქსაციო და მსუბუქ სარეაბილიტაციო პროცედურებს. გამომდინარე იქიდან, რომ კახეთის რეგიონში ტურისტების მაღალი აქტივობაა, კომპანიამ სამედიცინო ტურიზმის ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა გადაწყვიტა. ეს იქნება რეგიონში პირველი ცენტრი, რომელიც ტურისტებს საკუთარი წარმოების, ყურძნისა და ღვინის პროდუქტებზე დაფუძნებულ პროცედურებს შესთავაზებს“, – განაცხადეს კომპანიაში.
“Schuchmann Wines Georgia”-მ ღვინის სპას მიმართულებას საფუძველი ორი წლის წინ ჩაუყარა. სხვადასხვა სარელაქსაციო პროცედურისთვის კომპანია ყურძნის წიპწაზე დამზადებულ ზეთს და სკრაბს მოიხმარს, რომელსაც თავად აწარმოებს.