ახალი ამბები

თელავში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა გაიმართება

თელავში საკრებულოს სხდომათა დარბაზში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა გაიმართება. შეხვედრა დღეს 12:00 საათზე დაიწყება. 
საკონსულტაციო შეხვედრებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მართავს.
განხილვებში აქტიურად არიან ჩართული კოალიციის “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის შესახებ საკუთარი წინადადებები მთავრობას უკვე წარუდგინეს, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს გააცნობენ.
დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მასში, ძირითადად, სამი მიმართულებაა გაწერილი – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.