ახალი ამბები

თელავში სიჩქარის მზომი 12 „ჭკვიანი“ კამერა ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავის მუნიციპალიტეტში სიჩქარის მზომი 12 სექციური „ჭკვიანი“ კამერა აამოქმედა. უწყებაში განმარტავენ, რომ კამერები 10 ლოკაციაზე ამოქმედდა.
,,სიჩქარის მზომი კამერები ამოქმედდა შემდეგ საავტომობილო გზებზე: ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მე-60 კილომეტრიდან გზის 65-ე კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ. ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 65-ე კილომეტრიდან გზის მე-60 კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ. ასევე კამერები ამოქმედდა ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრიდან (ქ. თელავი > გურჯაანი) – გზის 32-ე კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ. ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 32 კილომეტრიდან გზის 29-ე კილომეტრამდე, ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ. გარდა ამისა, „ჭკვიანი“ კამერები ამოქმედდა ქალაქ თელავში, დავით აღმაშენებლის და ალაზნის ქუჩების კვეთიდან – დავით აღმაშენებლის ქუჩისა და შოთა რუსთაველის გამზირის კვეთამდე, ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ. ქ. თელავში, დავით აღმაშენებლის ქუჩისა და შოთა რუსთაველის გამზირის კვეთიდან – დავით აღმაშენებლის და ალაზნის ქუჩების კვეთამდე, ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ. ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1 441 ვიდეოკამერა მუშაობს, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე, ​ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებენ​.
სატელეფონო ნომრის გადამოწმების მიზნით ან მის შესაცვლელად, ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე – 2 41 91 91.