ახალი ამბები

გურჯაანში 162 ავტომანქანიდან ტექდათვალიერება 75-მა ვერ გაიარა

გურჯაანის პერიოდული ინსპექტირების ცენტრის ინფორმაციით, 3 იანვრიდან დღემდე შემოწმებული 162 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 75-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა.

კომპანიის ცნობით, მიზეზი გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, გამონაბოლქვი და სხვა ტექნიკური მაჩვენებლების დაზიანება იყო.
,,შემოწმებისას 75 მანქანა იყო ტექნიკურად გაუმართავი და მფლობელებს ხარვეზების აღმოფხვრისთვის 1 თვიანი ვადა მიეცათ. 38 მანქანა მოვიდა ხელმეორედ შემოწმებაზე, რადგან მათ აღმოფხვრეს პრობლემა და თავისუფლად გაიარეს ინსპექტირების ყველა ეტაპი”,- აცხადებენ გურჯაანის პერიოდული ინპექტირების ცენტრში.
ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ფასები მანქანის კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება: M1 და M3 კატეგორიის მსუბუქი ავტომანქანების შემოწმება 60 ლარით განისაზღვრება, ხოლო M2 კატეგორიის მანქანის, რომლებსაც მიკროავტობუსები შეადგენენ, 100 ლარი ღირს.
შეგახსენებთ, ტექდათვალიერების ვადა ავტომობილის რეგისტრაციის თარიღის მიხედვით განისაზღვრება და მძღოლებს, ინსპექტირების მოწმობის არქონის შემთხვევაში საპატრული პოლიცია და გზებზე გათავსებული ,,ჭკვიანი კამერები” დააჯარიმებს.