ახალი ამბები

თელავში ნადიკვრის პარკში ინფრასტრუქტურა დააზიანეს

თელავში, ნადიკვრის კულტურის და დასვენების პარკში ინფრასტრუქტურა დააზიანეს. დატეხილი და მოშლილია ტერასები, ჩამსხვრეული და დაბზარულია შუშის მოაჯირები, ამოტეხილია ამფითეატრის იატაკის ფიცრები და ეზოში არსებული სკამები. დაზიანებულია ასევე ქვედა ტერასაზე განლაგებული ინფრასტრუქტურაც. თელავის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, პარკი სხვადასხვა დროს მოქალაქეებმა დააზიანეს.
შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ნადიკვარზე ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარე წელს იგეგმება.
„მოსახლეობა, სამწუხაროდ, აზიანებს, არა მხოლოდ ნადიკვარზე, არამწდ ქალაქის და მთლიანად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილს. დაგეგმილია ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია და სეზონს სრულად შეხვდება გამართული. ამ ეტაპზე, რაც არის შესაცვლელი და გასაკეთებელი, მივხედავთ. 2019 წლის ზაფხულის სეზონს თელავის კულტურისა და დასვენების პარკი „ნადიკვარი“ განახლებული სცენით შეხვდება. დაგეგმილია სტიქიის მიერ დაზიანებული სცენის სრული რეაბილიტაცია, გასახდელი ოთახების მოწყობა და ტერიტორიის სათვალთვალო კამერებით აღჭურვა. ასევე, მიმდინარეობს მუშობა “ნადიკვრის” გადასახედი ფანჩატურების აღდგენის პროექტზე“ – აცხადებს შოთა ნარეკლიშვილი.
ადგილობრივები კი დასასვენებელ პარკში კამერების დამონტაჟებას ითხოვენ.
,,ქალაქის ყველა ქუჩაზე კამერები უნდა დამონტაჟდეს, რომ ყველას შეეშინდეს ინფრასტრუქტურის დაზიანების. ერთი და ორი რომ დაისჯება, სხვა ვეღარ გაბედავს დაზიანებას”,- განუცხადეს knews.ge-ს თელაველებმა.
აღნიშნულ თემას სათემო განვითარების ცენტრის დირექტორი ეხმაურება. ანა მარგველაშვილი ბლოგში წერს, რომ ნადიკვარი ასეთ მდგომარეობაში ძალიან მძიმე სანახავია.
,,სულ აღმაფრთოვანებდა თელავში კულტურისა და დასვენების პარკი ნადიკვარი. მიმაჩნია, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო პარკია მოვლილი, ლამაზად გამწვანებული, ზაფხულობით მშვენიერი კულტურის პროგრამით. ეტყობა აქაურობას, რომ ფული დაიხარჯა: მოწესრიგდა ინფრასტურქტურა, გაკეთდა გადასახედები, სათამაშო ტერასები და ა.შ. ის თელაველების საყვარელი თავშეყრის ადგილია. თელავში ყოველ ჩასვლაზე ერთხელ მაინც გავდივარ ნადიკვარზე სასეირნოდ. ახლაც წავედი და მომხვდა თვალში დატეხილი და მოშლილი ტერასები, ჩამსხვრეული, დაბზარული შუშის მოაჯირები, ამოტეხილი ფიცრები და ა.შ. პარკის მეორე მხარეს შუშები გაცილებით მეტადაა დაზიანებული. ძალიან მძიმე სანახავია ასეთი ნადიკვარი”,- წერს ანა მარგველაშვილი.
ფოტო: ანა მარგველაშვილი
ვრცლად იხილეთ ბლოგში. 

ამავე თემაზე: