ახალი ამბები

დაავადებათა კონტროლის ცენტრი გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გრიპის სეზონურ გავრცელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, გრიპისმაგვარი დაავადებების ფარდობითი მატება დაიწყო 2018 წლის ბოლოდან, თუმცა გავრცელების მაჩვენებელი არ აღემატება ეპიდემიურ ზღურბლს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ აუცილებელია ყველა დაავადებულმა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებისას, ექიმთან მიმართვამდე, ის იმყოფებოდეს ცალკე და მოერიდოს ადამიანებთან კონტაქტს.
,,გრიპის სეზონური გავრცელებით გამოწვეული საზოგადოებრივი ზეგავლენის შემცირების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია: განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა; ნებისმიერმა დაწესებულებამ მაქსიმალურად გააქტიუროს ხელების ჰიგიენის პროცედურები: სტანდრტულად ხელის დასუფთავება გამდინარე წყლითა და საპნით რეკომენდებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ტრანსპორტით სარგებლობის, ნებისმიერი ქმედების შემდეგ, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს თვალით უხილავ დაბინძურებას;
კონტაქტური გზით გრიპის ვირუსების შეკავების მიზნით მიზანშეწონილია სპირტისშემცველი ხელის დასამუშავებლებით აღიჭურვოს ისეთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც მოსალოდნელია ინფიცირებულ/დაავადებულ პირთა კონცენტრაცია: აფთიაქები, პოლიკლინიკები, საავადმყოფოები, საბანკო მომსახურების ცენტრები, სატელეფონო კავშირგაბმულობისა და სხვა მომსახურების ოფისები. ხელის დასამუშავებლები უნდა განლაგდეს მოქალაქეთათვის ხელმისწვდომ და თვალსაჩინო ადგილას. გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს. იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა. გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს სეზონურ გრიპზე ლაბორატორიული კვლევები დამატებითი დიგნოსტირებისთვის, გრიპის ვირუსის ტიპების ან ქვეტიპების იდენტიფიცირებისათვის და მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად არ ესაჭიროებათ”,– აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.