თელავის ბიუჯეტიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება 50 000 ლარით გაიზარდა

თელავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება 50 000 ლარით გაიზარდა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული მიმართულებით 250 000 ლარი დაიხარჯება, რომელიც მოიცავს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ამხანაგობების ინიციატივით სადარბაზოების კეთილმოწყობას და სხვა ღონისძიებების თანადაფინანსებას საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად.
,,2019 წლის ბიუჯეტიდა ბინათმშენებლობის ღონისძიებები სულ 355 000 ლარით დაფნანსდა, საიდანაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება 50 000 ლარით გაიზარდა და 250 000 ლარი შეადგინა. ჭავჭავაძის გამზირზე #2, ქეთევან წამებულის ქ. #5, #7, #9 მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების სარეაბილიტაციოდ კი 2019 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხის თანადაფინანსება იქნება 50 000 ლარი, ხოლო საზედამხედველო მომსახურებისთვის გათვალისწინებულია 55 000 ლარი’’,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
თელავში, ქეთევან წამებულის #7-ის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე სვეტა ნინიკელაშვილი განმარტავს, რომ აუცილებელია ქალაქში აღნიშნული მიმართულება გაძლიერდეს და მეტმა ადამიანმა იზრუნოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პრობლემების მოგვარებაზე.
,,ძალიან მინდა, რომ ეს სეგმენტი ქალაქში გააქტიურდეს. სანამ 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცდებოდა, მე მოვითხოვე დაფინანსებაზე 100 000 ლარის დამატება, მაგრამ 50 000 ლარით გაზარდეს. მე ჩემს კორპუსში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ვარ, ყველაფერი გაკეთებულია. არსებული პრობლემების მოგვარებისთვის ეს მიმართულება უნდა გააქტიურდეს’’,– განუცხადა knews.ge-ს სვეტა ნინიკელაშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *