ახალი ამბები

გურჯაანის სასამართლოსთან საპროტესტო აქცია იმართება

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები სასამართლოსთან ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის დაკავებას აპროტესტებენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დავით კირკიტაძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პატიმარია და მის გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი იმ პირების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობენ, რომლებმაც 16 დეკემბერს უკანონო ბრძანება გასცეს და აქციის მონაწილეებს თელავის მიმართულებით გზა გადაუკეტა.
,,ხომ გვაქვს პროტესტის გამოხატვის უფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება? აბა რატომ ჩაგვიკეტეს გზა და არ შეგვიშვეს თელავში. კირკიტაძე დაიჭირეს და მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის შვილის მკვლელები თავისუფლები არიან. ეს არის დემოკრატია? ამ ნაბიჯებით მივდივართ ევროპისკენ? ის ადამიანები რატომ არ დაიჭირეს, რომლებმაც ჩვენი მხარდამჭერები სცემეს? ჩვენ გაგავრძელებთ ბრძოლას და დავით კირკიტაძე იქნება მალე თავისუფალი. ყველა ჩვენს მხარდამჭერს მადლობა, რომ გვერდით გვიდგეხართ და არ შეშინდით.”,- განაცხადა აქციაზე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ შეეზღუდათ მშვიდობიანი გადაადგილების უფლება.
„როგორც პოლიცია, ისე პროკურატურა მთლიანად ივანიშვილის სამფლობელოა. მათ ვეუბნებით, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება. არჩევნები გაყალბდა და ამას არ შეეგუება არავინ, რა სახის ზეწოლებიც არ უნდა გააგრძელონ,“ – აღნიშნეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, დავით კირკიტაძე ველისციხეში მომხდარი ინციდენტებიდან მეორე დღეს დააკავეს. კირკიტაძეს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.