ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე- ოპოზიციის ლიდერების დასაკავებლად ხელისუფლებამ გურჯაანში პროვოკაცია მოაწყო

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ დავით კირკიტაძის შემდეგ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც დააკავონ.

მიდსივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს და მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას მიაწვდის.

„ჩვენ ახლა შევხვდით ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს, რომელსაც მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, თუ რა ხდება ქვეყანაში. ქვეყანაში მყარდება ოლიგარქიული დიქტატურა, რომლის მიზანია, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება. როგორც ჩანს ის პროვოკაცია, რაც მათ ველისციხეში მოგვიწყვეს, გათვლილი იყო იმაზე, რომ როგორმე საკუთარი თავისთვის შეექმნათ სამართლებრივი საფუძველი, რომ ციხეში ჩასვან ხალხი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ პროვოკაცია მოაწყო იმისთვის, რომ ოპოზიციური ლიდერები ჩასვან ციხეში

„დღეს ჩვენ სხვადასხვა ინფორმაციებს ვიღებთ. როგორც ჩანს, შსს-ში კიდევ უფრო მეტ საქმეს ამზადებენ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყველა მტკიცებულებას ვაცნობთ დიპლომატიურ კორპუსს და ვითხოვთ მათგან მკვეთრ რეაგირებას”, – განაცხადა ვაშაძემ.