ახალი ამბები

შსს – შევისწავლით ველისციხეში თითოეული ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებს, გამოიკითხებიან მოწმეები

პოლიცია შეისწავლის სოფელ ველისციხეში თითოეული ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებს, ასევე გამოიკითხებიან მოწმეები, რის შემდგომაც ინციდენტები სამართლებრივად შეფასდება და იქნება შესაბამისი რეაგირება, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ, რომელიც სოფელ ველისციხეში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მამუკა ჭელიძის თქმით, აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი და დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა. თელავის მიმართულებით გადაადგილებისას გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯერ კიდევ დილით გაავრცელა განცხადება.

„თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო შესაბამისი ზომები.

კახეთის მიმართულებთ, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს შეთავაზებული ჰქონდათ თელავის მიმართულებით მოძრაობის ალტერნატიული, უსაფრთხო მარშრუტი, რომლითაც ისინი ველისციხის გადასახვევიდან ყვარლის გავლით მშვიდობის ქუჩით შეძლებდნენ თელავში მოხვედრას.

მიუხედავად გაფრთხილებისა, ალტერნატიული მარშრუტისა და ტრანსპორტის შეთავაზებისა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, გადაუხვიეს შეთავაზებულ მარშრუტს, დაიწყეს ღია დაპირისპირება და ძალადობა პოლიციასთან. აშკარაა, რომ აქციის მონაწილეების მიზანი იყო პროვოკაციების მოწყობა, რადგან მათ ხელოვნურად გაამწვავეს პროცესი და დააზიანეს საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა.

პოლიციის მიერ შესწავლილი იქნება თითოეული ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები, ასევე გამოიკითხებიან მოწმეები, რის შემდგომაც მოხდება ინციდენტების სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი რეაგირება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოფელ ველისციხესთან გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ამჟამადაც დაპირისპირებაა. ოპოზიციის კოლონა თელავისკენ გადაადგილებას ცდილობს, თუმცა გზა გადაკეტილია.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი