ახალი ამბები

თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დამსწრე უცხოელ პარტნიორთა სიას აქვეყნებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თორთლაძის ინფორმაციით, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი. თორთლაძის თქმით, საქართველოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან ეწვევიან მაღალი რანგის სტუმრები და 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
“ეს არ გახლავთ საბოლოო მონაცემები, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფირმაციის გაცვლა მეგობარ სახელმწიფოებთან. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საკმაოდ მაღალი წარმომადგენლობა მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე საერთაშორისო თანამეგობრობაში და გამოხატავს მზაობას, რომ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლოთ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისათვის. ინაუგურაციის ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს, როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან,“ – განაცხადა ხათუნა თორთლაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობის მზაობისთვის.

დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის სპიკერი, პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მოლდოვას ვიცე-პრემიერი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებების და გარემოს დაცვის მინისტრი, ბელარუსის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამერიკიდან სტუმარი გვეყოლება USAID-ის წარმომადგენელი და ასევე წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი. საქართველო მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს სტუმრობისთვის“, – აღნიშნა თორთლაძემ.

ნიკოლოზ ესიტაშვილი