ახალი ამბები

პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით თელავში გენერალური რეპეტიცია გაიმართება

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინფორმაციით, ინაუგურაციასთან დაკავშირებით თელავში გენერალური რეპეტიცია იგეგმება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, გარკვეული დეტალები კიდევ დასაზუსტებელია.

„გავეცანი ზოგ დეტალს, კიდევ არის რაღაცები დასაზუსტებელი. ასევე, ადგილზე იქნება რეპეტიცია და მგონი, გავდივართ ბოლოში, თუმცა ამ დეტალებს ახლა არ გაგაცნობთ, ყველასთვის ერთდროულად უნდა იყოს სანახავი. ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ინაუგურაცია შეძლებისდაგვარად სადა იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც knews.ge-ს თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმაი, გურამ ურჩუხშვილმა განუცხადა, სამუშაო ჯგუფი სცენისთვის შესაბამის კონსტრუქციას და აპარატურას ამონტაჟებს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი ფიცს ერეკლე მეფის სასახლის ეზოში მდებარე ეკლესიის წინ დადებს. სტუმრების მიღება კი წინანდალში, სასტუმრო “რედისონში” იგეგმება. ინაუგურაციასთან დაკავშირებით თელავში, სავარაუდოდ, ოთხ ადგილას ერთდროულად ქვემეხებიდან გაისვრიან. კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, გასროლა ფიცის დადებისა და პატაკის შემდეგ იგეგმება.

ნიკოლოზ ესიტაშვილი