ახალი ამბები

ინაუგურაციასთან დაკავშირებით თელავის ქუჩებში საქართველოს დროშები გამოფინეს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, რომელიც თელავში გაიმართება, ორი დღე დარჩა. ქვეყნის მეთაურის ფიცის დადების ცერემონიასთან დაკავშირებით თელავის ქუჩებში საქართველოს დროშები გამოფინეს. როგორც knews.ge-ს თელავის მერმა განუცხადა, ინაუგურაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

“ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღეა პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ერეკლე მეფის სასახლის ეზოში, სადაც პრეზიდენტმა ფიცი უნდა დადოს, ამ დროისთვის ტრიბუნის და სცენის მოწყობა თითქმის დასრულებულია. თელავის ქუჩებში კი საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოვფენეთ” – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ინაუგურაციასთან დაკავშირებით თელავში, სავარაუდოდ სამ ადგილას, ქვემეხებიდან გაისვრიან. დღეს და ხვალ 13:00-დან 15:00 საათამდე პერიოდში დაგეგმილია ქვემეხებიდან სატესტო რეჟიმში გასროლა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, 16 დეკემბერს გაიმართება. ფიცის დადების ცერემონია 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. სტუმრების საზეიმო მიღება კი გაიმართება წინანდალში, სასტუმრო რედისონში.

ნიკოლოზ ესიტაშვილი