არჩევნებიახალი ამბები

„ევროპული საქართველო“ თელავში გაერთიანებული ოპოზიციის აქციას არ შეუერთდება

პარტია „ევროპული საქართველო“ 16 დეკემბერს, თელავში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, პარტიის მთავარი ფოკუსი მიმართული იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლასა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ლეგიტიმური ზეწოლის მობილიზებაზე.
„ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის სრული უფლება. ევროპული საქართველო“ ამ აქციებში არ მონაწილეობს. გააზრებულად უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენს მოქალაქეებს ცრუ მოლოდინები არ უნდა შევუქმნათ, როდის და რა შედეგი შეიძლება დადგეს. ჩვენი ფოკუსი მიმართული იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლასა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ლეგიტიმური ზეწოლის მობილიზებაზე”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
16 დეკემბერს თელავში, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც knews.ge-ს ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განუცხადა, მანიფესტაცია 900 წლიანი ჭადრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, აქცია 14 საათზე დაიწყება.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა