ახალი ამბები

თელავში პრეზიდენტის ინაუგურაცისთვის სცენის მოწყობა დასრულდა

თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება. სამუშაო ჯგუფმა დაასრულა სცენის და ტრიბუნების მოწყობა.
„ფაქტობრივად დასრულებულია სცენის მოწყობა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ფიცი უნდა დადოს. მთლიანად შეკრულია ხის კონსტრუქცია. ჩრდილოეთის და დასავლეთის მხარეს არის ტრიბუნები, სადაც სტუმრები განთავსდებიან. ამ ეტაპზე ფიცარნაგს აწყობენ და შემდეგ ხალიჩები დაიგება. ჯარი განლაგდება სცენიდან დასავლეთით, ტრიბუნებსა და სცენას შორის”, – განაცხადა თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, გურამ ურჩუხიშვილმა.
მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ თელავის მუნიციპალიტეტის მერია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კახეთის სამმართველო და კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“.
საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი ფიცს ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დადებს.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა