ახალი ამბები

პანკისში საცხენოსნო სკოლისა და კულტურისა და სათემო სახლების მშენებლობა დაიწყება

2019 წლიდან პანკისის ხეობაში საცხენოსნო სკოლისა და კულტურისა და სათემო სახლების მშენებლობა დაიწყება, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა. ის დღეს ხეობის უხუცესთა საბჭოს გამგეობის წევრებს სოფელ დუისში შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს პანკისში ტურიზმის განვითარების, ეკონომიკური, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებზე.
„დღეს შეხვედრაზე პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებს ვაცნობე, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინა ადგილობრივების თხოვნა და 2019 წლიდან პანკისში საცხენოსნო სკოლისა და კულტურისა და სათემო სახლების მშენებლობა დაიწყება. შეხვედრაზე უხუცესებს ასევე ის ინიციატივები გავუზიარეთ, რაც ხეობის სოციალურ-ეკონომიურ გაძლიერებასთან დაკავშირებით აქვს ხელისუფლებას დაგეგმილი. ეფექტური იქნება მუშაობა ტურიზმის განვითარების, ტურისტების მოზიდვის, ასევე ახალგაზრდების პროფესიული განათლების გაძლიერების კუთხით”,- განაცხადა ლია გიგაურმა.
დღეს პანკისის ხეობაში ეთნიკური ქისტების ჩასახლებიდან 200 წლისთავი აღინიშნება.

მოამზადა ნიკოლოზ ესიტაშვილმა