ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე – 16 დეკემბრიდან მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება

16 დეკემბრიდან, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე, სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება – თუ საზოგადოებას სწორ ინფორმაციას მივაწვდით, ვნებათაღელვა არ იქნება, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს სხდომაზე.
ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრი ადა მარშანია ინიციატივით გამოვიდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით გაუქმებული მორატორიუმი პლენალურ სხდომაზე განხილვის თემა გახდეს. მარშანიამ დეპუტატებს ასევე მიმართა, მივიდნენ იუსტიციის სახლთან და ნახონ, “როგორი სავალალო და საგანგაშო ვითარებაა“.
როგორც კობახიძემ მარშანიას საპასუხოდ განაცხადა, ის სესიაზე განხილვის საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან კვირიდან, ახალი კონსტიტუციის საფუძველზე მორატორიუმი აბსოლუტური ფორმით ამოქმედდება.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ კი აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ორგანული კანონის პროექტი მზად არის.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოქალაქეების ნაწილი და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები აპროტესტებენ. ისინი თბილისში, იუსტიციის სახლთან უკვე ორი დღეა, რაც აქციას მართავენ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადაწყვეტილება 7 დეკემბერს საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოაცხადა, რადგან სასამართლოს ანალოგიური გადაწყვეტილებები 2012 და 2014 წლებში მიღებული აქვს.
მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საბერძნეთის მოქალაქეებმა პროკოპი სავვიდიმ და დიანა შამანიდიმ შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.
უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა.

მოამზადა: ნიკოლოზ ესიტაშვილმა