ახალი ამბებისტატიები

კავკასიაში პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში – რატომ სატახტო ქალაქი?

საქართველოში და კავკასიაში პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეფის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

თელავში ფიცის დადების ცერემონიის საკითხმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, თელავი სიმბოლურად მონარქიის ანუ სახელმწიფოებრიობის დასრულებასთან ასოცირდება და შესაბამისად ინაუგურაციის ამ ქალაქში გამართვა საპრეზიდენტო ეპოქის დასასრულის ასოციაციებს იწვევს. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ინაუგურაციისთვის ნეიტრალური ადგილი უნდა აერჩია და შესაბამისად სიმბოლოებზე მსჯელობაც არ იქნებოდა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები მიიღება. თუ სიმბოლიკაზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს სიმბოლიკა უფრო ნეგატიურია, ვიდრე პოზიტიური. ეს ქალაქი სიმბოლურად ქართული მონარქიის ანუ სახელმწიფოებრიობის დასრულებასთან ასოცირდება. თელავი რა თქმა უნდა, ნამდვილად არის ერთ-ერთი კულტურული ცენტრი და ძალიან მიყვარს, მაგრამ სიმბოლიკა ძირითადად მაინც სევდიანი და ნეგატიური აქვს. თუ პატარა კახზე ვსაუბრობთ, მაშინ ასოციაციები ჩნდება რუსეთთან დადებულ ტრაქტატსა და იმპერიაში ინტეგრაციაზე. იქ ინაუგურაციის გამართვა საპრეზიდენტო ეპოქის დასასრულის ასოციაციებს იწვევს და პრინციპში აქეთაც მიდის საქმე. ანუ სიმბოლიკა აბსოლუტურად გაუგებარი და არადამაჯერებელია. ამ ტიპის გადაწყვეტილებაში ხელისუფლების სისუსტე და დაბნეულობა იგრძნობა. ან ნეიტრალური ადგილი უნდა აერჩიათ და სიმბოლოებზე არავინ დაიწყებდა ქირქილს, ან სხვა სიმბოლო უნდა ჩაედოთ, რაც საქართველოს გამარჯვებასა და მის სიძლიერეს უკავშირდება,“ – აცხადებს გია ხუხაშვილი.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტიძე კი არ იზიარებს ხუხაშვილის მოსაზრებას და მიუთითებს, რომ თელავი პირიქით სახელმწიფოებრიობის სიმბოლო. ექსპერტი თელავში ინაუგურაციის გამართვას უკავშირებს სალომე ზურაბიშვილის ამბიციას, რომ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სწორედ მეფის სასახლეში უნდა დადოს ფიცი და არა სხვაგან.
„თელავში სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო. მას სურს აჩვენოს, რომ თითქოს ის პატივს სცემს მოსახლეობის აზრს. ეს თითქოს სიმბოლური ჟესტია, რომ ყველას პრეზიდენტი იქნება, მათ შორის იმ ადამიანების პრეზიდენტი, ვინც მას მხარს არ უჭერს. გარდა ამისა, მეფის სასახლე ერთადერთი თელავშია შემორჩენილი. თბილისში არ არის მეფის სასახლე შემორჩენილი და ნანგრევებია მხოლოდ. სალომე ზურაბიშვილს ამით სურს იმის ჩვენება, რომ სხვა ადგილი არ ეკადრება და მეფის სასახლეში უნდა დადოს ფიცი. ეს არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი. წესით ფოთში უნდა გამართულიყო ინაუგურაცია, რადგან სალომე ზურაბიშვილის სამშობლო სწორედ ეს ქალაქია. მინდა აღვნიშნო, რომ მკვეთრად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ თელავი სახელმწიფოებრიობის და მონარქიის დასასრულის სიმბოლოა. ერეკლე მეორე გარდაიცვალა თელავში, მაგრამ ქართლ-კახეთის ბოლო მეფის, გიორგი მეთორმეტეს რეზიდენცია იყო თბილისში. თელავი რა თქმა უნდა არ არის მონარქიის დასრულების სიმბოლო, რადგან ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებასთან დაკავშირებით ალექსანდრე პირველის მანიფესტი თავადაზნაურობას წაუკითხეს თბილისში. თელავი პირიქით არის ქართული სახელმწიფოებრიობისა და სიძლიერის სიმბოლო, რადგან საქართველოს ერთ-ერთი უძლიერესი მეფე ერეკლე მეორე სწორედ თელავში დაიბადა“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ნიკა ჩიტიძე.
ბლოგერი ჯიმშერ რეხვიაშვილიც ყურადღებას ამახვილებს ინაუგურაციის ადგილის სიმბოლურ მნიშვნელობაზე. ის მიიჩნევს, რომ ინაუგურაციის თელავში ჩატარება არის მონარქისტული მუხტის გაღვივების მცდელობა.
„თელავში ინაუგურაციის გამართვა მცდელობაა, რამენაირად გაცოცხლდეს მონარქისტული მუხტი, რომელიც წლების წინ გაღვივდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ძალისხმევით და ბოლო დროს მინავლდა? ლაშა ჟვანია ხომ ბოლო დრომდე პატრიარქის ფონდს ხელმძღვანელობდა! საქმე ისაა, რომ ერეკლე მეფე არ ყოფილა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე. უკანასკნელი მონარქი ერეკლეს უფროსი ვაჟი, გიორგი XII იყო“, – ამბობს ჯიმშერ რეხვიაშვილი.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე სიმბოლოებზე საუბრისგან თავს იკავებს. მისთვის კი გაუგებარია, რატომ შეიცვალა პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩატარების ტრადიციული ადგილი. ექსპერტი თელავში ინაუგურაციის ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ ეს ქალაქი გახდება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ცენტრი.
„პოლიტიკას უყვარს ტრადიციები და პრეზიდენტი ფიცს ტრადიციულად თბილისში დებდა. ჩემთვის გაუგებარია, ხელისუფლებამ რატომ მიიღო გადაწყვტილება, რომ მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია თბილისში აღარ გაიმართება. რადგან შეიცვალა ინაუგურაციის ჩატარების ადგილი, თელავში გამართვას აქვს პოზიტიური მხარეები. აქამდე პოლიტიკური ცენტრი თბილისის გარდა, იყო ქუთაისი ანუ აქცენტი იყო გადატანილი დასავლეთ საქართველოზე და ამ გადაწყვეტილებით პოლიტიკური ერთ-ერთი ცენტრი ხდება აღმოსავლეთ საქართველო, ანუ თელავი. გარდა ამისა, ინაუგურაციის ჩატარება ადგილობრივ მოსახლეობაში აამაღლებს პოლიტიკურ თვითშეგნებას და მოქალაქეებს მოტივაციას გაუჩენს, რომ პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთონ“, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
თავად ახლადარჩეული პრეზიდნტი განმარტავს, რატომ შეარჩია ინაუგურაციის ადგილად თელავი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის არჩევნების ოროვე ტურში თელავში დამარცხდა და ამ გადაწყვეტილებით სურს გამოხატოს, რომ ყველას პრეზიდენტია.
“თელავში დავმარცხდი, ესაა ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი. ჩემთვის ერთი ქალაქი განიხილებოდა მხოლოდ. რამდენიმე სცენარი იყო, მაგრამ ჩემი წინადადება იყო თელავი. ეს იმიტომ, რომ მთელი ჩემი საარჩევნო კამპანია იყო ამ თემაზე, რომ ჩვენ რეგიონები უნდა ამოვწიოთ, რათა ისინი განვითარდეს, რეგიონების გარეშე არ იქნება საქართველოს განვითარება და ვთვლი, რომ თელავი ძალიან სწორი არჩევანია. მეორე მიზეზი რატომაც თელავზე არჩევანი გავაკეთე არის ის, რომ თელავმა არ მომცა ხმა, ესაა ერთ-ერთი წაგებული ადგილი და მინდა ამით ვაჩვენო, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი, თუნდაც იმ ადამიანების, ვინც ხმა არ მომცეს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ერთია ინაუგურაციის ჩატარების ადგილის სიმბოლური მნიშვნელობა, მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია, რამდენად თანხვედრაშია ეს გადაწყვტილება კონსტიტუციასთან. კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი აღნიშნავს, რომ თელავში პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების ცერემონია არ ეწინააღმდეგება ქვეყნის უმაღლეს კანონს, თუმცა კონსტიტუციურ ჩვეულებასთან არ არის თანხვედრაში.
„კონსტიტუცია არ ადგენს ინაუგურაციის ადგილს. თუ პრეზიდენტი თბილისში ან სხვა ქალაქში დადებს ფიცს, ეს არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და კონსტიტუციურ კანონმდებლობას, მაგრამ არსებობს კონსტიტუციური ჩვეულება. როგორც წესი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის ინაუგურაცია ყოველთვის იმართებოდა თბილისში, პარალამენტის ეზოში. სხვა ქალაქში ინაუგურაციის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის და ამავე დროს პოლიტიკურად სალომე ზურაბიშვილის განცხადება არ არის კორექტული, რომ თელავში წააგო არჩევნები და ამიტომ ატარებს ინაუგურაციას ამ ქალაქში“, – აღნიშნავს knews.ge-სტან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილი.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში, ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი საორგანიზაციო ჯგუფის წევრები დღეს, თელავში ჩავლენ. ისინი ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიას დაათვალიერებენ. ინაუგურაციის რეჟისორის, ბასა ფოცხიშვილის ინფორმაციით, დღეს საღამომდე ფიცის დადების ცერემონიის დეტალების ნაწილი დაზუსტდება.
საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გუშინ გაიმართა. კონსულტაციებს ინაუგურაციის ღონისძიების რეჟისორები ბასა ფოცხიშვილი და ნიკოლოზ შველიძე, ასევე ახლად არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალი ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ესწრებოდნენ.
28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ, 6 წლის ვადით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.

ნიკოლოზ ესიტაშვილი