ბოტკოველი – ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ თელავში ინაუგურაციის გამართვით ფეხქვეშ გათელოს თელაველების ნება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის თელავში გამართვის საკითხს.

გიორგი ბოტკოველის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის ნების ფეხქვეშ გათელვაა, რომელიც გამოიხატა საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურში თელავში სალომე ზურაბიშვილის დამარცხებით.

“ბიძინაშვილმა ივანიშვილმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, რომ თელავში ინაუგურაციის გამართვით კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გათელოს თელაველების ნება, რომელიც მათ საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურზე გამოხატეს. სალომე ზურაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, არჩევნების ორივე ტურში დამარცხდა არა მარტო ქალაქ თელავში, არამედ მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. თელაველები არიან სიმბოლო იმ გამბედაობის, რომელიც გამოიჩინეს არჩევნების დღეს. სწორედ ამ სიმბოლოს ფეხქვეშ გათელვა განიზრახა ივანიშვილმა და ინაუგურაციის ჩატარება გადაწყვიტა თელავში. ეს არის თელაველების დასჯა და შეურაცხყოფა. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ იყო არჩევნები. ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

თელავის საარჩევნო ოლქში არჩევნების ორივე ტურში სალომე ზურაბიშვილი დამარცხდა. ზურაბიშვილს 9 383-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი 14 341-მა მოქალაქემ მისცა ხმა. მეორე ტურში კი გრიგოლ ვაშაძეს 16644-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხრი, რომელიც კენჭისყრაში მონაწილე მოქალაქეების 51,19%-ია, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 15868-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც ხმების 48.81%-ია.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში, გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ფიცს ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დადებს. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *