არჩევნებისტატიები

როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი კახეთში

კახეთის რეგიონის 8 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას აფასებენ.

მათი თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, კი არჩევნების მეორე ტურმა მნიშვნელოვანი ძალადობრივი ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია, რომელიც ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვას, კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩევლის მიუღებელი ხერხებით აღრიცხვას ეხებოდა.
საოლქო-საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები აცხადებენ რომ 8 საარჩევნო ოლქში 21 საჩივარი დაიწერა, რომელიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.

მათივე თქმით, 8 საარჩევნო ოლქიდან წინასწარი მონაცემებით, 7-ში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, ხოლო 1 ოლქში ,,გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
საგარეჯოს მე-11 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მღებრიშვილი აცხადებს, რომ რეგისტრირებული 46 400 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა 22 947 ამომრჩეველიმა მიიღო. მისივე განმარტებით, დაიწერა 2 საჩივარი, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.
,,სულ დაიწერა 2 საჩივარი: 25-ე და 38-ე საარჩევნო უბნებზე. 38-ე უბანზე საჩივარი შეხებოდა იმას, რომ ერთ-ერთ დამკვირვებელს უნდოდა ფოტოების გადაღება დოკუმენტებისთვის და არ გადააღებინეს. 25-ე უბანზე კი ერთ ერთ რეგისტრატორს გამორჩა ხელმოწერა. ამ დროისთვის ხმების დათვლა დავამთავრეთ, და კენჭისყრის დღიდან 11 დღეში დავდებთ ოფიციალურ შედეგებს. პირველადი მონაცემებით საარჩევნო ოლქში გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ხმების 37, 51 %, სალომე ზურაბიშვილმა კი 62, 49%’’,-განუცხადა knews.ge-ს ზურაბ მღებრიშვილმა.
გურჯაანის მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ ბეგაშვილის თქმით, სულ დაიწერა 3 საჩივარი.
,, 26-ე და 43-ე საარჩევნო უბნებზე დაიწერა საჩივრები, რომელიც ძირითადად ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას ეხება. ასევე დაიწერა 1 გაძევების აქტი საღამოს ხმის დათვლის პროცედურის დროს. არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, რამდენიმე უბანზე კი ადგილი ჰქონდა პარტიის წარმომადგენლების და დამკვირვებლების მხრიდან კომისიის საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებსაც. ამის გამო მოხდა მათი უბნიდან გამოძევება. წინასწარი მონაცემებით ხმების 62,1% სალომე ზურაბიშვილმა მიიღო’’,- განაცხადა ზურაბ ბეგაშვილმა.
დედოფლისწყაროს მე-14 საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ნინო მჭედლიშვილის ინფორმაციით, სულ საარჩევნო უბანსა და საოლქო კომისიაში დაწერილია 7 საჩივარი, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.
,,საჩივრები დაიწერა მე-3, მე- 4, მე- 14, მე-16, მე-17 და მე-19 საარჩევნო უბნებზე, რომელიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება. ერთი საჩივარი ოლქში გუშინ შემოვიდა, რომელიც ერთ-ერთმა დამკვირვებელმა დაწერა, რადგან უბნის თავმჯდომარემ მას უფლება არ მისცა საეჭვო ბიულეტენისთვის ფოტო გადაეღო. დედოფლისწყაროში საარჩევნო პროცესი ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ხმის დათვლის პროცესი მორჩენილია და ყველა ოქმი გადაგზავნილია ცესკოში. რეგისტრირებული 21 920 ამომრჩევლიდან, ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა მიიღო 12 592-მა. წინასწარი შედეგებით ოლქში გრიგოლ ვაშაძემ მიიღო ხმების 32, 09% , სალომე ზურაბიშვილმა კი 67, 51%’’,- განუცხადა knews.ge-ს ნინო მჭედლიშვილმა.
ლაგოდეხის მე-15 საოლქო კომისიის თავმჯდომარე, რევაზ გაიპარაშვილი განმარტავს, რომ ლაგოდეხში მხოლოდ 1 საჩივარი დაიწერა.
,,საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, არანაირ ტექნიკურ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. დაფიქსირდა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა. რაც შეეხება საჩივარს, 21- ე უბანზე  ,,ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა დაწერა, მას უნდოდა ბიულეტენების ქსეროასლის გადაღება, რისი უფლებაც კანონის ფარგლებში არ მისცა კომისიის თავმჯდომარემ. ერთი გართულება იყო ის, რომ დღის 12:00-დან 13:00 საათამდე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის გამო ამომრჩეველს შეექმნა დისკომფორტი რიგში დგომით. ლაგოდეხის ოლქში წინასწარი შედეგებით, გრიგოლ ვაშაძემ ხმების 48, 28%, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა 51, 72% მიიღო’’,- განუცხადა knews.ge-ს რევაზ გაიპარაშვილმა.
ყვარლის მე-16 საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, ნატო ნაპირელის თქმით, ყვარელში 2 საჩივარი დაიწერა, რომელიც  პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.
,,ყვარელში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 18 312-მა ამომრჩეველმა. ოლქში გვაქვს 2 საჩივარი, რომელიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. წინასწარი მონაცემებით ყვარელში 8 357 ხმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო, 9 333 ხმა კი სალომე ზურაბიშვილმა.’’
თელავის #17 საოლქო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალმახელიძეს თქმით, ამ დროისთვის დათვლილია 36 უბანზე მიღებული ხმები. მისივე თქმით, ოლქში საჩივარი არ შესულა, ხოლო უბნებზე 2 საჩივარი დაიწერა.
,,არჩევნებში მონაწილეობა სულ 33 225 ამომრჩეველმა მიიღო. ერთ-ერთ უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დილის წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და ამაზე დაიწერა საჩივარი. მეორე საჩივარი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დაწერა, რომ მაგიდები კედლებთან ძალიან ახლოს დგასო, ეს არის აბსურდი, რადგან ამაზე არანაირი წესები არ არსებობს . ამ დროისთვის დათვლილია 36 უბანის მონაცემები. წინასწარი შედეგებით თელავში 16 644 ხმა მიიღო გრიგოლ ვაშაძემ, 15 878 კი სალომე ზურაბიშვილმა“,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი კალმახელიძემ.
სიღნაღის მე-13 საოლქო კომისიის თავმჯდომარის მანანა მჭედლიშვილის თქმით, სულ დაიწერა 6 საჩივარი, საიდანაც 5 პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა, ხოლო 1 უბნის შედეგების ბათილად ცნობას.
,,სულ მოვიდა 18 146 ამომრჩეველი. აქედან სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ხმების 61, 48%, გრიგოლ ვაშაძემ კი 38, 52%. რაც შეეხება საჩივრებს, ოლქში და უბნებზე დაიწერა 6 საჩივარი, აქედან 5 ეხება პროცედურულ დარვევებს და 1 საჩივარში მე-19 ხირსის საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას. როცა აღნიშნულ უბანზე ხმის დათვლის პროცესი დაიწყო, რომელსაც ყველა ესწრებოდა და რომ გახსნეს საარჩევნო ყუთი, ის დაიშალა და დაბლა ჩამოიყარა კონვერტები. მოაგროვეს ბიულეტენები და მაგიდაზე დააწყეს. ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი კი ამტკიცებს, რომ გაურკვეველი წარმომავლობის კონვერტები დაყარეს მაგიდაზეო. ამას მოყვა გაურკვევლობა, ჩაერთო საქმეში პოლიცია და სიტუაცია მათი ჩარევის შემდეგ განიმუხტა. ამ საჩივრებს განვიხილავთ და ორ დღეში გვეცოდინება პასუხები. დანარჩენი 5 საჩივარი კი დაიწერა 28-ე უბანზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის მიერ’’,- განუცხადა knews.ge-ს მანანა მჭედლიშვილმა.
ახმეტის მე-18 ოლქში 1 საჩივარი დაიწერა. კომისიის თავმჯდომარის, მინდია იუკურიძეს განმარტებით, დღის განმავლობაში დაფიქსირდა ასევე მცირე პროცედურული დარღვევები.
,,არცერთი საჩივარი არ არის შემოსული ჩვენთან. წინასწარი შედეგებით ხმების 52,84% სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, 47, 16% კი გრიგოლ ვაშაძემ. დაფიქსირდა მცირე პროცედურული ხარვეზები, რაზეც დაიწერა 1 საჩივარი.’’
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვირვებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა ძირითადად მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი ძალადობრივი ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია, რომელიც ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვას, კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩევლის მიუღებელი ხერხებით აღრიცხვას ეხებოდა.
„მთელი დღის განმავლობაში თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნეოდა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნიდა. გარდა ამისა, ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ უბნიდან გამოსული ამომრჩევლები სხდებოდნენ უბნის გარეთ მდგომ ავტომობილებში და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გადმოდიოდნენ. ოთხ შემთხვევაში, ჩვენი დამკვირვებლების მტკიცებით, ამომრჩევლებს ავტომობილში სავარაუდოდ ფული გადასცეს. კიდევ ერთ შემთხვევაში კი ამომორჩევლის სავარაუდო მოსყიდვას უბნის შიგნით ჰქონდა ადგილი. პრობლემური იყო საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის შემთხვევები. ბევრ უბანზე კენჭისყრის კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი შემოხაზულ ბიულეტენს აჩვენებდა ან კომისიის რომელიმე წევრს, ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, ან რომელიმე დამკვირვებელს’’,- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.