ახალი ამბები

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი – ევროპული საქართველოს განცხადება არის პროვოკაცია

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი „ევროპული საქართველოს“ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება გეგმავს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის სახლში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის შეგდება ოპოზიციას და, კერძოდ, „ევროპულ საქართველოს“ დააბრალოს, პროვოკაციად აფასებს.

დავით სონღულაშვილის თქმით, ოპოზიცია ხელუსუფლების დისკრედიტაციას ცდილობს.
“ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნების მეორე ტური წაგებული აქვს და ყველა მეთოდით ცდილობს, რომ მმართველი გუნდის იმიჯი შელახოს. ეს არის პროვოკაცია. სოფელ ვეჯინში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ ველოდებით გამოძიების შედეგებს. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებას”, – განუცხადა knews.ge-ს დავით სონღულაშვილმა.
დღეს ევროპულმა საქართველომ გაავრცელა განცხადება, რომ ხელისუფლება გეგმავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის სახლში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის შეგდება ხელისუფლებას დააბრალოს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს იმ სამარცხვინო კამპანიის გაგრძელებაა, რომელსაც ხელისუფლება მთლიანად ოპოზიციის და „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ ეწევა.
22 ნოემბერს სოფელ ვეჯინში „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის, ელმირა ბეციაშვილის ეზოში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს. ბეციაშვილი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს და ხელისუფლებას მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რომელიც სხვისი ნივთის განადგურებას ან დაზიანებას გულისხმობს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი