არჩევნებიახალი ამბები

„ევროპული საქართველო“ – ხელისუფლება გეგმავს, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის სახლში „მოლოტოვის კოქტეილის“ შეგდება ჩვენ დაგვაბრალოს

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ხელისუფლება გეგმავს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის სახლში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის შეგდება ოპოზიციას და, კერძოდ, „ევროპულ საქართველოს“ დააბრალოს.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს იმ სამარცხვინო კამპანიის გაგრძელებაა, რომელსაც ხელისუფლება მთლიანად ოპოზიციის და „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ ეწევა.
„ეს მორიგი გაგრძელებაა იმ სამარცხვინო კამპანიის, რომელსაც ხელისუფლება მთლიანად ოპოზიციის და ევროპული საქართველოს წინააღმდეგ ეწევა. ხელისუფლება მომხდარ დანაშაულებებში მოძალადეებისთვის ხელის დაფარების და პოლიტიკურად მათი მხარდაჭერის გადაფარვას მორიგი პროპაგანდით ცდილობს. ამის ნაწილია ოპოზიციის წინააღმდეგ ჩადენილი კრიმინალის ისევ ოპოზიციისთვის დაბრალება. ამაზე საზოგადოების პასუხი არჩევნებზე მისვლა და ჯერ საპრეზიდენტო და შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების მშვიდობიანად დამარცხება უნდა იყოს,” – ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ.
შეგახსენებთ, რომ 22 ნოემბერს სოფელ ვეჯინში „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის, ელმირა ბეციაშვილის ეზოში ისროლეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

ბეციაშვილი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს და ხელისუფლებას მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რომელიც სხვისი ნივთის განადგურებას ან დაზიანებას გულისხმობს.

ფოტო: ipn.ge