არჩევნებისტატიები

არათანაბარი წინასაარჩევნო გარემო მეორე ტურის წინ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შექმნილ არათანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბრობენ.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ მმართველი ძალა მხარდაჭერილი კანდიდატის გასამარჯვებლად ყველან რესურსს იყენებს და ეს ფაქტორი ოპოზიციური პარტიის პრეზიდენტობის პრეტენდენტს არათანაბარ პირობებში აყენებს.„სამართლიანი არჩევნები“ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ მიუთითებს. ორგანიზაცია მმართველ პარტიას მოუწოდებს, თავი შეიკავოს საარჩევნო პერიოდში მსგავსი ინიციატივების დაანონსებისგან.
,,ახალი პროექტების დაპირებები, რომელთა შესახებ არჩევნების პირველ ტურამდე ცნობილი არ ყოფილა, ჩნდება განცდა, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც ხელი მიუწვდება ყველა სახის ადმინისტრაციულ რესურსზე, ცდილობს მისი მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვების შანსი ფინანსური და აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით გაზარდოს. ამ ფონზე, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და ზღვარი მმართველ პარტიასა და ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას შორის ფაქტობრივად აღარ არსებობს. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, საარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ ახალი მასშტაბური ინიციატივების, სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაანონსებისგან. დაიცვან ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის მოთხოვნები და მკაფიოდ გამიჯნონ სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის საარჩევნო აქტივობები’’.
შექმნილ არათანაბარ საარჩევნო გარემოზე ყურადღებას ამახვილებენ პოლიტოლოგებიც. სპეციალისტები განმარტავენ, რომ დიდი რაოდენობით ფინანსური რესურსების ხარჯვა და კანდიდატების იმიჯის შემლახავი წინასაარჩევნო კამპანია ამომრჩეველს აბნევს და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს უკარგავს.
,,არჩევნების პირველი ტურის წინაც და და მეორე ტურამდე წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი ფინანსური რესურსი იხარჯება. იმდენი სააგიტაციო მასალა იკვრება, ერთმანეთზეა გადაკრული. მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატს მეტი შესაძლებლობები აქვს და მეტი რესურსების გამოყენება შეუძლია. ზოგადად კი ,,ბინძური“ წინასაარჩევნო კამპანია, ერთმანეთზე ჭორების გავრცელება და ქილიკი ამომრჩეველს აშინებს და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს უკარგავს’’,– აცხადებენ პოლიტოლოგები.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის შესახებ წინასაარჩევნოდ გაჟღერებული დაპირების მიზანი მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებაა. ხუხაშვილი მთავრობის ინიციატივის საფრთხეზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დაპირება საზოგადოებაში არასწორ მოლოდინს გააჩენს, უპასუხისმგებლო მიდგომას წაახალისებს და უკურეაქცია გამოიწვევს, რაც ე.წ.შავ სიას გაზრდის.
,,როდესაც ქველმოქმედება პოლიტიკის ნაწილი ხდება, ეს საზოგადოებაში ჯანსაღ განცდას არ ტოვებს და უპასუხისმგებლობის განცდას იწვევს.’’-აღნიშნავს ხუხაშვილი.
მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ ვალების განულების ინიციატივა წინასაარჩევნო ღონისძიება არ არის და მამუკა ბახტაძემ სასესხო დავალიანების ჩამოწერის შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოში დააანონსა, როდესაც ფინანსთა მინისტრი იყო. ქვეყნის პირველი ფინანსისტი ივანე მაჭავარიანი განმარტავს, რომ ვალის განულების ინიციატივა ერთჯერადი აქტია, მომავალი “თამაშის წესები” კი დაკრედიტებასა და “ასეთი დოზით ჭარბვალიანობას” გამორიცხავს.
ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს ამომრჩეველთა ნაწილი. გურჯაანში მცხოვრები ლილი გელაშვილი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის მიერ ბოლო პერიოდში გაჟღერებული ინიციატივები მოქალაქეების მხარდაჭერის მოპოვებას ისახავს მიზნად.
,,იმის მაგივრად, გაგვაცნონ დეტალურად რას გეგმავენ, რა ინიციატივებს დააყენებენ გამარჯვების შემთხვევაში და პრობლემურ საკითხებზე რა ხედვა აქვთ, ერთმანეთს ებრძვიან, ლანძღავენ, ეჯიბრებიან ვინ მეტ ფულს დახარჯავს, ვინ მეტ პლაკატს გააკრავს’’,– ამბობს ლილი გელაშვილი.

ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი