ახალი ამბებისტატიები

პროექტი “MOLI კახეთში” დასრულდა

სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა ,,MOLI კახეთში” მუშაობა დაასრულა. დასკვნით შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც თბილისში გაიმართა, განხორციელებულ აქტივობებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს.

პროექტი მიზნად ისახავდა კახეთის რეგიონში სიღარიბის შემცირებას მეცხოველეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობით, მცირე ფერმერთა საარსებო პირობების გაუმჯობესებასა და მათი შემოსავლების ზრდას.
საერთაშორისო ორგანიზაცია HEKS-EPER-ის მიერ განხორციელებული პროექტის მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტი განხორციელებული ღონისძიებების შედეგად კონკრეტულ შედეგებზე საუბრობს. ნესტან მერმანიშვილი მიუთითებს, რომ პროექტის ,,MOLI კახეთში“ მხარდაჭერით რძის გადამამუშავებელმა საწარმოებმა და მეცხოველეობის მიმართულებით მოქმედმა ბიზნესოპერატორებმა ფინანსური და ტექნიკური პრობლემების მოგვარება და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა მოახერხეს, რომლის მეშვეობითაც სურსათის ეროვნული სააგენტოსგან უვადო აღიარება მოიპოვეს.
,,პროექტის მიზანს წარმოადგენდა ის, რომ მცირე ფერმერულ მეურნეობებს შეძლებოდათ, გაეზარდათ შემოსავალი, ასევე, გაეუმჯობესებინათ საქმიანობა, ეწარმოებინათ ხარისხიანი პროდუქცია, ჰქონოდათ უკეთესი მომსახურების სისტემა და სხვა. პროექტი ფერმერებს ფინანსურად არ ეხმარებოდა, ჩვენ ვმუშაობდით რძის გადამამუშავებელი და საღერღი საწარმოების, ასევე, სასაკლაოებისა და ვეტერინარული მომსახურების ცენტრების განვითარების მიმართულებით. პროექტმა მცირე და საშუალო საწარმოების ჰიგიენის და სურსათის უსაფრთხოების ნორმების დაკმაყოფილების მიზნით რძის 18 საწარმო და 4 სასაკლაო ტექნიკურად აღჭურვა და გადააიარაღა, ერთმანეთთან დააკავშირა საწარმოები და საკონსულტაციო ცენტრები, რის შედეგადაც საწარმოებმა HACCP-ის სტანდარტი დანერგეს. აქედან 5-მა საწარმომ სურსათის ეროვნული სააგენტოსგან უვადო აღიარება მოიპოვა. ჩვენი პროექტი კახეთში 5 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. მინდა აღვნიშნო, რომ იმ მიდგომამ, რაც პროექტს ჰქონდა, დასაწყისიდანვე გაამართლა. შედეგები კი, რაც მივიღეთ, ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ პროექტი წარმატებული იყო’’,- განუცხადა knews.ge-ს ნესტან მერმანიშვილმა.
პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობენ მეწარმეებიც. გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე რძის გადამამუშავებელი საწარმოს ხელმძღვანელი მიხეილ მათიაშვილი აცხადებს, რომ პროექტის ხელშეწყობით წარმოებაში HACCP-ის სისტემის დანერგვის გარდა, სილოსის წარმოების შესაძლებლობაც მიეცა.
რძის საწარმო, რომელიც პროექტის ბენეფიციარი იყო, ამ ეტაპზე აწარმოებს 12 სახეობის ყველს, სულგუნს და მაწონს, და პროდუქია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
,,პროექტის ,,MOLI კახეთში“ დახმარებით შევიძინეთ მანქანა-მაცივარი და რაც ჩვენი საქმიანობის გაგრძელებისთვის მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, ფერმერებთან მუშაობის გაუმჯობესების კუთხით პროექტის დახმარებით შევიძინეთ სილოსის ასაღები აგრეგატი და შევძელით სილოსის დამზადება. რაც მთავარია, ჩვენ შევძელით წარმოებაში HACCP-ის სისტემა დაგვენერგა. ჩვენთვის აღნიშნული ორგანიზაციის მუშაობა მნიშვნელოვანი იყო და საქმიანობის გაგრძელებაში დაგვეხმარა,”- აღნიშნა Knews.ge-სთან საუბრისას მიხეილ მათიაშვილმა.
ასოციაცია ,,მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი აღნიშნავს, რომ პროექტის ,,MOLI კახეთში“ დასრულების შემდეგ ის ღონისძიებები და აქტივობები, რომლებიც ფერმერების გაძლიერებას და ინფორმირებას ისახავდა მიზნად, სამომავლოდ შესამჩნევ პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს მეცხოველეობის დარგის განვითარებაზე.
,,წლებია ვმუშაობთ პროექტთან ,,MOLI კახეთში“. საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა მათთან თანამშრომლობა არა მარტო ჩვენთვის, როგორც ორგანიზაციისთვის, არამედ ფერმერებისა და მცირე ბიზნესებისთვის. მრავალფეროვანი იყო ჩვენი მუშაობა დაწყებული ვეტერინარიის ბიზნესით განვითარებით, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით და საკვებ საწარმოებთან მუშაობით. ამ პროცესში ბევრი რამ შევცვალეთ, ბევრი ჩვენც ვისწავლეთ. ვფიქრობ, რომ პროექტის დახურვის შემდეგ ნამდვილად რჩება ის პროექტები და აქტივობები, რომელიც მეცხოველეობის დარგს აძლიერებს’’,- ამბობს knews.ge-სთან საუბრისას რუსუდან გიგაშვილი.
შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ოლივიე ბურკი განმარტავს, რომ პროექტმა მუშაობის პერიოდში, მეწარმეებისთვის ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის გარდა, ასევე მოახერხა ფერმერების ერთმანეთთან დაკავშირება, რაც სამომავლოდ დარგის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
,,ვიზეიმეთ ,,MOLI კახეთში“ პროექტის დასასრული, რომელიც დაფინანსებული იყო შვეიცარიის მთავრობის მიერ. მისი მიზანი იყო კახეთში ერთმანეთთან დაეკავშირებინა ფერმერები. ვფიქრობ, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი ფაქტები, როცა მეწარმეებს პროექტის ფარგლებში გაეწიათ დახმარება. ძირითადად ვეხმარებოდით ფერმერებს წარმოების გაზრდაში და ასევე ხელს ვუწყობდით მათი პროდუქტების შეტანას მარკეტებში. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს, რომლებიც რეგიონებში აქტიურად იყვნენ ჩართული ჩვენი საქმიანობის განხორციელებაში’’,- განუცხადა knews.ge-ს ოლივიე ბურკმა.
პროექტი “MOLI კახეთში” 2015 წლის დეკემბერში დაიწყო.

ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი.