არჩევნებიახალი ამბები

ნიკა მელია – თელავში 1019 ამომრჩევლით არის გაზრდილი საარჩევნო სია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცადებით, თელავში, ამომრჩეველთა საერთო სია 1019-ით არის გაზრდილი. ნიკა მელიას მტკიცებით, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ამომრჩეველთა ერთიანი სია არავისთვისაა ცნობილი.
„არჩევნებამდე ერთი კვირა არის დარჩენილი და მინდა მივმართო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს -ქალბატონო თამარ ჟვანია, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე არავისთვის არ არის ხელმისაწვდომი ამომრჩეველთა ერთიანი სია არავისთვის. არც საარჩევნო უბნებზეა გაკრული და ამ სიებს თქვენ მალავთ. 7 ნოემბერს მიიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მიიღეთ დადგენილება, რომლითაც მეორე ტურში რეგისტრირდებოდნემ ის ამომრჩეველები, რომლებიც პირველ ტურში არ იყვნენ რეგისტრირებულნი. მაშინ როდესაც მეორე ტური უნდა ჩატარებულიყო პირველ ტურში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის მიხედვით. ჩვენი ძალიან სანდო ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ერთიან სიას არ ასაჯაროებთ, მხოლოდ თელავში ერთ პატარა ქალაქში 1019 ამომრჩევლით არის გაზრდილი საერთო სია. მე რიტორიკულად ვეკითხები საზოგადოებას, საიდან გაიგო ამ 1019-მა მოქალაქემ, რომ თურმე ცესკო-მ 7 ნოემბერს მიიღო დადგნილება და 8-9 ნოემბერს შესაძლებლობა გაუჩენია, რომ მოქალაქეები მისულიყვნენ და რეგისტაციაში გაეტარებინა იუსტიციის სახლებს. ერთ ქალაქში რომ 1000-ით არის ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილი, წარმოიდგინეთ რა ხდება ქუთაისში და თბილისში. ვინ არის ის 1000 თელაველი, საიდან მოვიდნენ? თქვენ სუს-ის ხელმძღვანელობასთან ერთად სხედხართ და ხართ პანიკაში, რომ ამომარჩეველთა ერთიანი სია რაც შეიძლება შეამციროთ, რადგან უსაშველოდ გაქვთ გაზრდილი. რის ხარჯზე აკეთებთ ამას? ცდილობთ ამოყაროთ ერთიანი სიიდან ყველა იმ ადამიანის პირადობის მოწმობა, რომელიც ჩამოართვით და დაუპატიმრეთ 29 ნოემბრამდე და ჩააკვეხოთ სიებში, გაყალბებული პირადობის მოწმობებით აღჭურვილი ადამიანების სახელები და გვარები”, – განაცხადა მელიამ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი ამბობენ, რომ ნიკა მელიას ბრალდება ამომრჩეველთა სიის გასაჯაროების პროცესის დაყოვნებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.ცესკოს ინფორმაციით, მცდარია ასევე მელიას მიერ გავრცელებული განცხადება იმის შესახებ, რომ თელავში პირველ ტურთან შედარებით ამომრჩეველთა რაოდენობა 1019 ადამიანით გაიზარდა.
დღეს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიმართ გაჟღერდა უსაფუძვლო ბრალდება და გავრცელდა მცდარი ინფორმაცია. მისი განცხადებით, ცესკო ხელოვნურად აყოვნებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაჯაროების პროცესს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლების მიზნით, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა ცესკოს მონაცემები გადმოსცეს მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, იმ დღის მდგომარეობით.
ცხადია, ამომრჩეველთა სიის მოცულობიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდი იყო საჭირო მონაცემების დასამუშავებლად. ამ დროისთვის აღნიშნული პროცესი უკვე დასრულებულია და ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია ხელმისაწვდომია უფლებამოსილი პირებისთვის. ამასთან, მიმდინარე წლის 20 ნოემბერს ცესკოში შემოვიდა და დარეგისტრირდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წერილობითი მოთხოვნა ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადაცემასთან დაკავშირებით. ნაცვლად კანონით დადგენილი ორდღიანი ვადისა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ელექტრონული ვერსია გაიცა 1 დღეში, 21 ნოემბერს.
გარდა ამისა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თელავში, „ერთ პატარა ქალაქში“ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა 1019 ამომრჩევლით, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. აღსანიშნავია, რომ თელავის საარჩევნო ოლქში მიმდინარე წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ამომრჩეველთა რაოდენობა გაზრდილია მხოლოდ 134-ით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამომრჩეველთა კონსტიტუციური უფლების რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, არჩევნების მეორე ტურისთვის, ცესკოს მიერ ამომრჩეველთა ერთიანი სია განახლდა კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე. შესაბამისად, მივმართავთ არჩევნებში მონაწილე მხარეებს, თავი შეიკავონ იმგვარი დაუსაბუთებელი განცხადებებისგან, რომელიც აზიანებს საარჩევნო პროცესს“,
– ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი