ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე – არჩევნებისთვის რეგიონებში ძალოვანი უწყებების მაღალი თანამდებობის პირები მიამაგრეს

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია” წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სამართალდამცველი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირები გადანაწილებულები არიან რეგიონების მიხედვით.

ვაშაძის მტკიცებით, მათ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით კონკრეტული პასუხისმგებლობა აქვთ ჩაბარებული.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება” ე.წ. ტოტალურ კონტროლზე გადავიდა, რომელიც სამართალდამცველ ორგანოებს ჩაბარდა.
როგორც გიორგი ვაშაძემ განმარტა, მათი რაიონული შტაბები სრულიად ახალ სტრატეგიაზე გადავიდა, რომლის მიზანი რეგიონებში კონკრეტული ძალადობის შეჩერებაა.
კახეთზე მიმაგრებულები არიან გოგაშვილი-თამაზაშვილი და ტოტალური კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებლობაც და ვალდებულებაც ამ დაჯგუფებას აქვს აღებული. მსგავსი სიტუაციაა ყველა რეგიონში. გადანაწილებულია რეგიონები. მათ სამი კონკრეტული დავალება აქვთ პირველი ტურისგან განსხვავებით. პირველი – მოიძიონ გრიგოლ ვაშაძის და გაერთიანებული ოპოზიცის მხარდამჭერები, მათგან აიღონ პირადობის მოწმობა და 50 ლარი გადაიხადონ ამ პირადობის მოწმობაში. ანუ ჩავთვალოთ, რომ ქირაობენ პირადობის მოწმობას, რათა ეს ხალხი ვერ მივიდეს არჩევნებზე. ასეთი ფაქტები მასობრივადაა დაფიქსირებული სამეგრელოში, კახეთში, იმერეთში და ა.შ. უზარმაზარ ფულს ხარჯავენ, რომ პირადობის მოწმობა იქირავონ.
მეორე – ეს არის საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლა და წნეხი, ესენი არიან ბაღის, სკოლის თანამშრომლები. მესამე – ეს არის პატრულის ჩართვა ამ მექანიზმში, სადაც ისინი ახსნა-განმარტებებს აწერინებენ უბნის ხელმძღვანელებს, რომ ეს ყველაფერი გააკეთონ. ეს არის აბსოლუტურად უკანონო ქმედება სამართალდამცავი ორგანოების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. მადლობა ბევრ მასწავლებელს, საჯარო მოხელეს, ადამიანებს, რომლებიც არა მხოლოდ მხარს გვიჭერდნენ, არამედ დეტალურ ინფორმაციას გვაწვდიან ამ ყველაფერზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.