არჩევნებიახალი ამბები

,,ხელისუფლება მეორე ტურის წინ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს”

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ არის საუბარი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მასშტაბური სახე მიიღო საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დაპირებებმა.

,,ახალი პროექტების დაპირებები, რომელთა შესახებ არჩევნების პირველ ტურამდე ცნობილი არ ყოფილა, ჩნდება განცდა, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტია – „ქართული ოცნება“, რომელსაც ხელი მიუწვდება ყველა სახის ადმინისტრაციულ რესურსზე, ცდილობს მისი მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვების შანსი ფინანსური და აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით გაზარდოს. ამ ფონზე, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და ზღვარი მმართველ პარტიასა და ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას შორის ფაქტობრივად აღარ არსებობს“,- ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, სხვა რეგიონების და მუნციპალიტეტების მსგავსად, მთვრობის დაპირების მიხედვით, თელავში, ე.წ. ,,ლეგიონის“ დასახლებაში მცხოვრებ ადამიანებს ბინები დაუკანონდებათ.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამების არსებობა, თუმცა მსგავსი პროგრამები ერთიანი გააზრებული სოციალური პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს.

,,3 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თელავში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ე.წ. „ლეგიონის” ბინები იქ მცხოვრებ ადამიანებს უახლოეს პერიოდში საკუთრებაში გადაეცემათ. დაგეგმილია საკითხის მთავრობის სხდომაზე გატანაც, რის შემდეგაც ბინებს მოსახლეობას ეტაპობრივად გადასცემენ. არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის პეროდში ახალი ინიციატივების ინტენსივობა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს მთავრობის და ცალკეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ზემოჩამოთვლილი პროექტები საჯარო პოლიტიკის პრიორიტეტების განხორციელების ნაცვლად საარჩევნო ხმების მიღებაზეა ორიენტირებული და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს კონკურენტთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების მიზანს ემსახურება’’,- აღნიშნულია ანგარიშში.

ნატალია ცისკარაშვილი